“თამბაქოს პროდუქტების მოხმარების წესებთან დაკავშირებით ტურისტულ ზონებში უფრო მეტი დარღვევა გვქონდა” – გიორგი ბახტურიძე

“თამბაქოს პროდუქტების მოხმარების წესებთან დაკავშირებით ტურისტულ ზონებში უფრო მეტი დარღვევა გვქონდა. როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ყველაზე დიდი დარღვევები იმ კაფე-ბარებშია, სადაც ჩილიმს ეწევიან. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ მათი მენეჯმენტი, ან მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან”- ამის შესახებ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.

ბახტურიძემ “თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოწვევები განსაკუთრებით ტურისტულ ზონებშია. როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, დახურულ სივრცეში მოწევის წესის დარღვევებზე სანქციების გაზრდა აუცილებელია.

“თამბაქოს პროდუქტების მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით ტურისტულ ზონებში უფრო მეტი დარღვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, 2018 წლიდან დახურულ სივრცეში სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს, ჩილიმის მოხმარება კანონით აკრძალულია. ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ფიქსირდება ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდი დარღვევები რაოდენობრივად ახალ პროდუქტებზე მოდის, განსაკუთრებით ეს ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს და ჩილიმს ეხება. ისეთ ტურისტულ ზონებში, როგორიც არის მაგალითად, აჭარა, ყველაზე ხშირად დარღვევის ფაქტები ჩილიმზე მოდის, მაშინ, როდესაც დახურულ სივრცეში ჩილიმის არა მხოლოდ მოწევა, არამედ გამოჩენაც კი არ შეიძლება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები რეგულაციის ქვეშაა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კლიენტს რესტორანში ელექტრონული სიგარეტის, თუ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების გამოყენებას არ უკრძალავენ, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ჩვენ რამდენჯერმე წავაწყდით ასეთ ფაქტს, შემდეგ მენეჯმენტს მოვუწოდეთ და დამოკიდებულება, მდგომარეობა შეიცვალა. აბსოლუტურად ყველა ტიპის თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარება დახურულ შენობაში აკრძალულია. ღია სივრცეში ჩილიმის მოწევაც შეიძლება და ნებისმიერი სხვა პროდუქტისაც. რაც შეეხება დახურულ და ღია სივრცეებს, აჭარაში მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი და რა თვალსაზრისით: შუშებით აქვთ შემინული, სივრცის თითქმის ორი მესამედი დახურულია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, თითქოს ეს ღიაა. არ არის ღია, ნახევარზე მეტი მაინც უნდა იყოს ღია, ანუ ორი კედელი მაინც უნდა იყოს ღია, რომ ჩავთვალოთ ეს ღია სივრცედ. თუ ორ კედელზე მეტია, ჩვეულებრივად ჯარიმდება დაწესებულება. პირველ რიგში, ამ დარღვევაზე პასუხს აგებს დაწესებულება, რომელსაც ევალება, რომ მოწევის ფაქტები აღკვეთოს, მეორე რიგში კი მწეველი, თუ პირის იდენტიფიცირება ხდება.

როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ყველაზე დიდი დარღვევები იმ კაფე-ბარებშია, სადაც ჩილიმს ეწევიან. აღმოვაჩინეთ, რომ მათი მენეჯმენტი, ან მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. განსაკუთრებით ეს ეხება არაბულ ქვეყნებს და რუსეთს. სამწუხაროდ, მასობრივად არიან, ფლობენ ამ ბიზნესებს და კანონის რეგულაციებს არად დაგიდევენ. როდესაც მათთან კომუნიკაციაში შედის პოლიცია, ან ჩვენი წარმომადგენელი, ვხვდებით, რომ ისინი კანონის არსებობაში ძალიან კარგად ერკვევიან. უბრალოდ, როგორც ჩანს, მათ საჯარიმო სანქციების გადახდა უღირთ. ამიტომ ჩვენი წინადადებაა და უახლოეს პერიოდში ამას დავაყენებთ, რომ საჯარიმო სანქციები გაიზარდოს, რასაც შემაკავებელი უნარი უფრო ექნება. დღეის მდგომარეობით სანქციები ასეთია: დარღვევის პირველ ჯერზე 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში 1000, მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 2000 ლარი. პოლიცია ადგილზევე იღებს გადაწყვეტილებას და სასამართლო ქვემდებარე არ არის. რა თქმა უნდა, თუ ობიექტი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს. ჩვენი წინადადებაა, რომ საჯარიმო სანქციები მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს, რათა შემაკავებელი გახდეს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ჩილიმებში თამბაქოს გარდა, კიდე სხვა აკრძალული ნივთიერებებია. ეს შეიძლება, ნარკოტიკული ნივთიერებები იყოს. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ , იმ კაფე – ბარების მიმართ, რომლებშიც ჩილიმს მოიხმარენ ძალიან ყურადღებით იყოს. ძალიან ვთხოვ იგივე შინაგან საქმეთა მინისტრს და შესაბამის დაწესებულებებს, რომ ამაზე მკვეთრი რეაგირება და ამ პროცესის მონიტორინგი მოახდინონ. როგორც გითხარით, როცა ამ საჯარიმო სანქციებს გავზრდით, ეს ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი აუცილებლად იქნება. ვფიქრობთ, რომ პირველ ჯერზე სანქცია 1 000 ლარი უნდა იყოს, განმეორებისას 3000, მესამე და მომდევნო ჯერზე კი 5000 ლარი”- განაცხადა ბახტურიძემ.

მისივე თქმით, დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის რეგულაცია დაახლოებით 95%-ით სრულდება. როგორც ბახტურიძემ განაცხადა გამოწვევებიც არსებობს.

“2018 წლიდან “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლიმენტაციის და მონიტორინგის ცენტრი” პერიოდულად და სისტემატურად, სახელმწიფო დაკვეთით, ამ შემთხვევაში ტენდერების საშუალებით, აღნიშნული კანონის მონიტორინგს ახორციელებს. მოწევასთან დაკავშირებით დაახლოებით 10 000-მდე ობიექტს ვამოწმებთ, ვაჭრობასთან, ვაჭრობის წესებთან დაკავშირებით 6 000-მდე ობიექტს, ასევე 4 000-მდე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ ობიექტების მონიტორინგის შედეგად დარღვევების ყველაზე დიდი რაოდენობა სახელმწიფო სტრუქტურებზე, მუნიციპალიტეტების შენობებზე მოდის. სახელმწიფო სტრუქტურებში 12%-იანი დარღვევაა, შემდგომ სამედიცინო დაწესებულებები მოდის. სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 8-9%-ში ამ კანონის მოთხოვნა ირღვევა. იცით თქვენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დახურული სივრცეებია, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ შეაღწევს, მათ შორის, ჩვენი მონიტორი და სამწუხაროდ, სწორედ ამ დახურულ სივრცეებში, სადაც ინფექციების მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს, ასევე სახანძრო უსაფრთხოების წესები უნდა იყოს დაცული, თამბაქოს და სხვა პროდუქტების მოხმარება ხდება.
ასევე გამოწვევაა ის, რომ მცენარეული მოსაწევი პროდუქტები დარეგულირებული არაა. სოციალური ქსელებით, ინტერნეტ სივრცეებით ხშირად ნახავთ იგივე ცნობილ სახეებს, ან ბლოგერებს, რომლებიც პროპაგანდას მცენარეულ მოსაწევ პროდუქტებს უწევენ, თითქოს, ეს ჯანსაღი იყოს. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ამ შემთხვევაში ფოთოლის წვის შედეგად გამოიყოფა როგორც ტოქსინები, ასევე კანცეროგენები, რაც ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ ეს საკანონმდებლო, პრობლემა უნდა აღმოიფხვრას და ამის შესახებ წინადადებები გვაქვს.

ზოგადად, კანონის აღსრულების დონე დაახლოებით 95%-ია. ეს აღსრულების მაღალი დონეა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რთულია იგივე ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარების გამოვლენა, რადგან ზომაში პატარაა, შეუძლიათ, დამალულად ხელის გულში მოათავსონ. ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით ინტენსიური და მრავალმხრივი საინფორმაციო – საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში არ გამართულა. როგორც ვიცი, ჯანდაცვის მინისტრს ამის მზაობა აქვს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივვადიანი, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო კამპანია გაიმართება, რომელიც მიეძღვნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი სიგარეტის მავნებლობას, არამედ ელექტრონული სიგარეტის გასახურებელი თამბაქოს, საღეჭი თამბაქოს ზიანს ჯანმრთელობაზე”- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები