გიორგი შენგელია: იგეგმება გორის ქუჩის ეზოების კეთილმოწყობა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მერობის  “ქართული ოცნების” კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გორის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას გეგა შენგელიამ ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

„დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. გორის ქუჩაზე შევხვდით მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს. მათ აწუხებთ ეზოების კეთილმოწყობის საკითხი, ასევე, სტადიონის საფარის მოწყობა. სტადიონის საფარი მოეწყობა, მოვიძიებთ რესურსებს იმისთვის, რომ აღდგეს აღნიშნული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება ეზოების კეთილმოწყობას – პირველ ყოვლისა, გავაკეთებთ პროექტს, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად მოხდება ამ ეზოების კეთილმოწყობა, რადგან არის ძალიან დიდი მოცულობის რამდენიმე ეზო და ერთბაშად შეიძლება, გაჭირდეს აღნიშნული ლოკაციის სრულად აღდგენა. თუმცა ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ეს ეზოები პრიორიტეტთა შორის ჩაისმება და ისინი აუცილებლად კეთილმოეწყობა”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა

გეგა შენგელიამ, “კარდაკარ შეხვედრების” პრინციპით, ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობასთანაც გამართა დიალოგი. ადგილობრივებმა ასფალტის საფართან დაკავშირებულ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.  ​მერობის კანდიდატის განცხადებით, ჭყონდიდელის ქუჩაზე იგეგმება სამუშაოები და მოსახლეობას მსგავსი პრობლემა აღარ შეაწუხებს.
“კარდაკარ დღეს შევხვდით ჭყონდიდელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას. აქ ადგილობრივებს, ძირითადად, ასფალტის საფარის მოწყობა აწუხებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით იგეგმება სამუშაოები და, შესაძლებლობის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაც”, – აღნიშნა გეგა შენგელიამ.






კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები