ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – ენმ-მ სხდომის ჩაშლა სცადა 

ზუგდიდის საკრებულოში ამ წუთებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსიც ესწრებიან. ისინი ითხოვენ, წარმომადგენლობითმა ორგანომ დადიანების ეზოში მათსა და “ოცნების” აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილოს, ასევე – ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირება.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განმარტებით, ისინი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ თავდაპირველად, რის შემდეგაც ოპოზიციის მიერ დაყენებულ საკითხზეც ისაუბრებენ.

ცოტა ხნის წინ დადიანების ეზოში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ამავე მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და ფიზიკურადაც შეეხნენ მათ.
რაც შეეხება ჯიხაშკარის ეპიზოდს – “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სოფელ ჯიხაშკარში “მიუცვივდნენ” ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. ამ ყველაფერს, შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ, დაპირისპირება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურა, რადგან ოპოზიციამ იმ საკითხების განხილვა მოითხოვა, რომელიც რეგლამენტით არ იყო გათვალისწინებული. რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ცნობისთვის, გუშინ “ქართული ოცნების” შტაბში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს უპასუხეს. შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა სამართალდამცავ და საერთაშორისო ორგანოებს გამოძიებისაკენ მოუწოდა, რათა ყველა აღნიშნულ ბრალდებას პასუხი გაეცეს.

“მე მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტზე, რომელშიც დანაშაულის ნიშნებია, დაიწყონ გამოძიება და თუ რაიმე ფორმით დადგინდა ვინმეს ბრალეულობა, უმკაცრესი ფორმით დაისაჯონ. ასევე, აქვე მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და სამხარეო ადმინისტრაციას, ორივე მათგანმა გაასაჯაროოს, გამოაქვეყნოს ყველა ის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მოქალაქეები არ შეიყვანონ შეცდომაში და იმ ასტრონომიულ ციფრებზე, რაზეც არის საუბარი, ვგულისხობ დახმარებებს, მათ ჰქონდეთ რეალური წარმოდგენა, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ, რომ მათ შევუმსუბუქოთ ყოფა. აქვე ვხედავთ, რომ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია…პატარა ქალაქია და ჩვენ კარგად ვიცით ურთიერთობები, თუ რა კავშირში არიან ადამიანები ერთმანეთთან; ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართავ, ნუ გააბითურებს ამ ხალხს, ნუ გააბითურებს ზუგდიდის საზოგადოებას და ნუ მიჰყოფს ხელს იმ დეზინფორმაციას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. მორჩება ეს არჩევნები, ადამიანები კვლავაც გააგრძელებენ ამ ქალაქში ცხოვრებას და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას უკეთეს ზუგდიდში. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, რაც დღეს ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ სოფელ ჯიხაშკარში, გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს არ იქნება ცალ კარში თამაში, ყველა ცრუ ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ, მიწოდებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ რეალურად დაინახონ, ენმ-ს წევრები თუ რა ფორმებითა და რა ხერხებით ცდილობენ ქალაქ ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტში შედეგის მიღებას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები