კახეთის რეგიონში ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
კახეთის რეგიონში, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „პალდოველი 2014“ და „კვეტერა“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი მიშელაძე კახეთის რეგიონში პროგრამაში ჩართული კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 %-იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პალდოველი 2014“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში საქმიანობს, მასში 25 ადგილობრივია გაერთიანებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კვეტერა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძებშია რეგისტრირებული და 20 მეპაიეს აერთიანებს. ჯამურად, კოოპერატივებში მობილიზებული ფურების რაოდენობა 414 ფურს შეადგენს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოოპერატივ „პალდოველი 2014-ს“ 442 ჰა, ხოლო კოოპერატივ „კვეტერას“ 309 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.