სამეგრელოს რეგიონში პროექტ „ქართული ჩაის“ მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მეჩაიეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.
ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ქართული ჩაის“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებასა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს ყველა ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ჩაის პროდუქციას, ბაზარზე ნიშური ადგილი დაიკავოს.
დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას, ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ ჩართული 37 ბენეფიციარის 49 პროექტია დამტკიცებული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების საერთო ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს. პროგრამის ჯამური ინვესტიცია 2 553 517 ლარია, საიდანაც 1 776 613 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.
პროექტი „ქართული ჩაი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.