კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა – მუზეუმის ექსპოზიცია გაიხსნება

18 მაისს, 12:00 საათზე, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა – მუზეუმის ექსპოზიცია გაიხსნება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს იქნება მცდელობა – აღადგინოს და აჩვენოს საბჭოთა იმპერიის ნგრევის წინა პერიოდი 80-იანი წლების საქართველოში და ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური მდგომარეობა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი.
განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის და საბჭოთა ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი, მისი ვაჟის, ნიჭიერი მხატვრის სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითმფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.
მუზეუმში გამოფენილია კოტე წერეთლის საოჯახო და მემორიალური ნივთები, სამეცნიერო ფონდი, მხატვარ სოსო წერეთლის ფერწერული ნამუშევრები და საოჯახო არქივში დაცული დოკუმენტური კინო-ფოტო მასალა. მთავარ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია „თვითმფრინავის საქმესთან“ დაკავშირებული დოკუმენტები და მასალები საოჯახო არქივიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დაცული ფონდიდან.
„მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“ ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს მიერ, მუზეუმების საერთაშორისო დღისთვის შერჩეული თემაა, რომელსაც თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულით უერთდება და დამთვალიერებელს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებსა და საგანმანათლებლო პროგრამა/ექსკურსიებს გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში.

მისამართი: დ. უზნაძის N2.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები