ვახტანგ ბერიძე: მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს 50 კილომეტრი ბეტონის საფარი დაიგება
ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი დღეს სოფელ ქედლების, თხილაძირის უბნისა და დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზისა და სოფლის სახლის მშენობლობა მოითხოვეს. ასევე დაისვა სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. ვახტანგ ბერიძემ გამარჯვების შემთხვევაში, მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მუნიციპალიტეტის მერი, დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი შემთხვევით არ გადამიდგამს. მინდა აქედან ვემსახურო ჩემს ხალხს და ის სიყვარული, რაც გაგვაჩნია ერთმანეთისადმი გავაორმაგო. ამ ყველაფერს კი თქვენი გვერდში დგომით შევძლებ. მე არ მინდა ვისაუბრო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რაც აქამდე გაკეთდა და კეთდება, ამ ყველაფერს თავად ხედავთ, მინდა ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო არსებულ პრობლემებზე და თქვენთან ერთად ვეძიო პრობლემის გადაჭრის გზები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს 50 კილომეტრი ბეტონის საფარი დაიგება, ამით არ დასრულდება შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა, თუმცა სამომავლოდ გპირდებით, რომ საავტომობილო გზების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული. ასევე მნიშვნელოვანია შევეხო დეკანაშვილების თემში წყლის პრობლემას, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია, პროექტი შესყიდულია და სამუშაოებიც დაიწყება და მალე სასმელი წყალი უპრობლემოდ მიეწოდება მოსახლეობას. უნდა ითქვას, რომ თხილაძირის უბნისა და დეკანაშვილების სოფლებში სოფლის სახლის მშენებლობაც აუცილებელია, რასაც ჩემი არჩევის შემთხვევაში აუცილებლად მოვაგვარებ სხვა პრობლემებთან ერთად“,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.