ირაკლი კაკაბაძე: ქუდზე კაცი გავდივართ ორშაბათს, ვისაც ღირსების შენარჩუნება უნდა
მინდა უმორჩილესად ვთხოვო ყველა ნორმალურ ადამიანს – გვერდში დავუდგეთ არა მხოლოდ გურამ გირგვლიანს, არამედ ირინა ენუქიძესაც, ყველა დაზარალებულსაც და რაც მთავარია ჩვენს ღირსებას და ჩვენი საკუთარი ბავშვების მომავალს – ამის შესახებ უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და საზოგადოებას სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესებზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, სწორედ აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება, რამდენად ძლიერია ქართული საზოგადოება და რამდენად შეუძლია დაამარცხოს მან “ნაცისტი ჯოჯოები და ოსვენციმი“
“მე მინდა უმორჩილესად ვთხოვო ყველა ნორმალურ ადამიანს – გვერდში დავუდგეთ არა მხოლოდ გურამ გირგვლიანს, არამედ ირინა ენუქიძესაც, ყველა დაზარალებულსაც და რაც მთავარია ჩვენს ღირსებას და ჩვენი საკუთარი ბავშვების მომავალს. ბევრი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოვიდა ირინა ენუქიძის წყალობით. მე იმედი მაქვს ეს ადამიანებიც მოიცლიან და ყურადღებას არ დააკლებენ ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ან ერთი სამეგობროს საქმე. ეს არის ამ ქვეყნის მომავლის საქმე. ქუდზე კაცი გავდივართ ორშაბათს, ვისაც ღირსების შენარჩუნება უნდა. არ შეიძლება აიხმანის მაგვარი დამნაშავეები დაუსჯელად დადიოდნენ ქვეყანაში და ჰიტლერული ‘ზონდერბრიგადები’ უდანაშაულო ადამიანებს ატერორებდნენ. გურამ გირგვლიანის სათქმელი მთელი საქართველოს სათქმელია. დღევანდელ ხელისუფლებას მივმართავ – კარგად მოვუსმინოთ გურამ გირგვლიანის ხმას. თუ გვინდა რომ ჯანმრთელი საზოგადოება გვქონდეს. პროცესი იწყება 4 საათზე თბილისის საქალაქო სასამრთლოში. 4-იდან 8-მდე იქნება ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს და პარასკევს. აქ გამოჩნდება ქართული საზოგადოება რამდენად ძლიერია და რამდენად შეუძლია დაამარცხოს ნაცისტი ჯოჯოები და ოსვენციმი“, – წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქსი პირად გვერდზე.