რას ფიქრობს სანდრა რულოვსი  ფარულ აუდიოჩანაწერზე  და რატომ მოუხურეს კარი “კვირას” ჟურნალისტს (ვიდეო)

“არაფერსაც არ ვფიქრობ, არაკანონიერია და მე არ დავინტერესდები ნამდვილად ამ ჩანაწერით”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა  “კვირას”  განუცხადა.  ჟურნალისტს სანდრა ელისაბედ რულოვსთან სხვა კითხვებიც ჰქონდა, თუმცა,  როგორც ჩანს,  აღნიშნული თემით მედიის დაინტერესებამ მისი თანმხლები პირები გააღიზიანა და ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ოპოზიციის წევრებმა  “კვირას” გადამღებ ჯგუფს სამარშრუტო ავტომანქანის კარი მიუხურეს და რულოვსი  სოფელ ორულიდან  მედიასთან კომუნიკაციის გარეშე წაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სანდრა ელისაბედ რულოვსს საარჩევნო შეხვედრებზე მუდმივად დაყვებიან მხარდამჭერები, რომლებიც  ყველა ჟურნალისტს, რომელიც მერობის კანდიდატს მათთვის არასასურველ კითხვას უსმევს, ფოტო და ვიდეო კადრებს უღებენ, რიგ შემთხვევებში კი,  მედიას მასთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობას არ აძლევენ.

რაც შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერს,  შეგახსენებთ, რომ ის სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში ერთმანეთში საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია და მისი მეუღლე, თემურ ალასანია და გიუი ალასანია.

 საუბრები მათ ოჯახურ საქმეებს და ოჯახის წევრების ურთიერთობებს ეხება.  ჩანაწერით ირკვევა, რომ  სააკაშვილის ნათესავები სანდრა რულოვსის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები და რამდენიმეჯერ მას უცენზუროდაც მოიხსენიებენ.

აუდიო Юрiй Зварич –ის “იუთუბ” არხმა ატვირთა.

“კვირამ” სანდრა რულოვსს 2008 წლის შემთხვევაც გაახსენა და   თათია არდიასთან დაკავშირებით ჰკითხა. წლების წინ  სოფელ ტყაიას მკვიდრმა, 15 წლის მოზარდმა ექსპრეზიდენტის მეუღლეს წერილი გადასცა, სადაც ის ირველი ჯგუფის ინვალიდი მამის და ლოგინად ჩავარდნილი დედის დახმარებას სთხოვდა. წერდა, რომ მათ სახლი არ აქვთ და იმედს გამოთქვამდა, რომ სააკაშვილი მისი ოჯახის გაჭირვებას გულთან ახლოს მიიტანდა. თათია არდიას პასუხი მალევე დაუბრუნეს, მოზარდმა ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი წერილი თავად მიხეილ სააკაშვილისგან  მიიღო. ექსპრეზიდენტმა არდიების ოჯახს მატერიალური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა, 15 წლის წარჩინებულ მოსწავლეს კი დაჰპირდა, რომ კომპიუტერს აჩუქებდა. თუმცა მისთვის არც დაპირებული ძვირფასი ნივთი უჩუქებიათ და ოჯახსაც არავინ დახმარებია.

“კვირას” კითხვას, ახსოვდა თუ არა ეს შემთხვევა და რატომ მოატყუეს წლების წინ მოზარდი, ზუგდიდის გაერთიანებული მერობის კანდიდატმა ორაზროვნად უპასუხა:
“რამდენი განცხადება მივიღე პირველი ლედობის დროს, თქვენ უბრალოდ არ იცით”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები