“სააკაშვილი 15 წლის თათიას კომპიუტერის შეძენას დაპირდა და გადააგდო” – რა გაახსენეს სამეგრელოში სანდრა რულოვსს (ვიდეო)

ისტორია, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, 2008 წლის შემთხვევას ასახავს. ამბავი სამეგრელოში მოხდა. წლების წინ, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ზუგდიდის ცენტრში მოსახლეობას ხვდებოდა, როდესაც 15 წლის თათია არდიამ სანდრა რულოვსს წერილი გადასცა. მოზარდი ექსპრეზიდენტის ოჯახს პირველი ჯგუფის ინვალიდი მამის და ლოგინად ჩავარდნილი დედის დახმარებას სთხოვდა. წერდა, რომ მათ სახლი არ აქვთ და იმედს გამოთქვამდა, რომ სააკაშვილი მისი ოჯახის გაჭირვებას გულთან ახლოს მიიტანდა… პასუხი მალევე დაუბრუნეს, ამავე წლის 3 იანვარს, თათიამ დაბადების დღეზე, მიხეილ სააკაშვილისგან ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი წერილი მიიღო, რომელსაც თავად ექსპერზდენტი აწერდა ხელს. მან ოჯახს  მატერიალური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა, 15 წლის წარჩინებულ მოსწავლეს კი დაჰპირდა, რომ კომპიუტერს აჩუქებდა. თათია მალე მიხვდა, რომ სააკაშვილმა და სანდრა რულოვსმა მოატყუეს, მისთვის არც დაპირებული ძვირფასი ნივთი უჩუქებიათ და ოჯახსაც არავინ დახმარებია.

“კვირამ” ექსპრეზიდენტის წერილი გადაიღო, სადაც ის გოგონას ძალიან თბილად მიმართავდა და ახალ წელსაც ულოცავდა:

ძვირფასო თათია, 
გულდასმით წავიკითხე შენი წერილი და ერთობ სახალისო ლექსი. შენი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
წარჩინებული სწავლისთვის, ჩემი დაპირებისამებრ, აუცილებლად მიიღებ კომპიუტერს.
გარდა ამისა, ვშუამდგომლობ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, რათა შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინონ შენს ოჯახს მატერიალური დახმარება.
გილოცავ ახალ წელს და გისურვებ, ყოველივე კარგს, შენს ოჯახთან ერთად.
საუკეთესო სურვილებით”. 

ეს ფაქტი არდიებს  დავიწყებულიც ჰქონდათ, რომ არა ერთი შემთხვევა – რამდენიმე დღის წინ სოფელ ტყაიაში უკვე მერობის კანდიდატის ამპლუაში სანდრა ელისაბედ რულოვსი ჩავიდა. როგორც ჩანს, მან ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საარჩევნო შეხვედრას თავი აარიდა და მხოლოდ იმ 3 ოჯახს ეწვია, სადაც იცოდა, რომ მისი პარტიის მხარდამჭერები ცხოვრობდნენ. ექსპრეზიდენტის მეუღლის სტუმრობის ამბავი თათიას მამამ, აპოლონ არდიამ მეზობლებისგან შეიტყო და მასთან შეხვედრა სცადა. ძალიან უნდოდა, ძველი შემთხვევის შესახებ მოეყოლა და ახლა მაინც ეკითხა, რატომ მოატყუეს წლების წინ. თუმცა, ოპოზიციის კანდიდატთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს.

აპოლონ არდია პირველი ჯგუფის ინვალიდი და მხედველობადაქვეითებულია. მისგან შევიტყვეთ, რომ  უკვე 23 წლის თათია ამჟამად თბილისში  ცხოვრობს და ილიას უნივერსიტეტში,  მაგისტრატურაზე სწავლობს. ის საბანკო-საფინანსო სპეციალობას ეუფლება და ერთ-ერთ მსხვილ ბანკშიც მუშაობს. მამის თქმით, გოგონა დედაქალაქში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ძალიან ბევრს შრომობს და სოფლად დარჩენილ ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარება კიდეც.

აპოლონ არდიამ თავისი ოჯახის ისტორიაც მოგვიყვა:

„თათია 4 წლის იყო, როდესაც ტყაიაში ჩამოვედით საცხოვრებად. არც სახლი გვქონდა, არც კარი და თავი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლს შევაფარეთ. ავარიული იყო, ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდით. მახსოვს, მაშინ, ჩემმა მეუღლემ ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთა და ძალიან ავადმყოფობდა…საშინლად გვიჭირდა“, – იხსენებს არდია.

ის ამბობს, რომ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მის ოჯახს დიდი იმედი ჰქონდა, რომ  დაეხმარებოდნენ და როდესაც გაიგეს, რომ ექსპრეზიდენტი ზუგდიდში ჩადიოდა, მეზობელს სთხოვეს, თათიასთან ერთად ქალაქში ჩასულიყო.

„კვირამ“ მოზარდის ის მეზობელიც მოძებნა, რომელიც გოგონას ზუგდიდში, სააკაშვილისთვის წერილის გადასაცემად გაჰყვა.

მამუკა არდია “კვირასთან“ ყვება, რომ იმ წლებში სიდუხჭირის გამო, თათიას ოჯახს მთელი სოფელი გულშემატკივრობდა და რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ.

„თათია დედისერთაა, ძალიან მინდოდა დავხმარებოდი. მახსოვს, ზუგდიდში ჩავყევი, შეხვედრა მოედანზე იყო და დავეხმარე წერილის გადაცემაში. ის პირადად სანდრა რულოვსმა გამომართვა…

მახსოვს ის დღეც, როცა თათიამ საპასუხო წერილი მიიღო და ეს მისი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი იყო… ოჯახს დაჰპირდნენ დახმარებას, რახან თავად პრეზიდენტმა უპასუხა, ეჭვიც არ შეეპარათ, რომ დანაპირებს შეასრულებდა…ისიც მახსოვს, თათიამ საპასუხოდ ადგილობრივ გაზეთშიც გამოაქვეყნა მადლობის წერილი… მერე ველოდეთ….რამდენჯერმე მივაკითხეთ ზუგდიდის გამგეობას, მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ზუგდიდის გამგებელი მაშინ ქობალია იყო… იმის მერე არდიებს მთელი სოფელი ვეხმარებოდით ყველანაირად…ბავშვი კარგად სწავლობდა და გაიკვალა კიდეც გზა…ახლა მათი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა… მიხარია, რომ ასეა“, – გვიყვება მამუკა არდია.

ფაქტს, რომ ზუგდიდის გამგეობამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დახმარება არ აღმოუჩინა, თათიას დედა მზექალა კაციავაც იხსენებს.

„გამგეობას რამდენჯერ მივაკითხეთ, აღარც კი მახსოვს და  ბოლოს, იცით რა გვიპასუხეს? ეს გიჟი სააკაშვილი ყველა მეორე დღეს აგზავნის ასეთ წერილებს, მაგრამ ყოველ მეორეს ხომ ვერ მივცემთ კომპიუტერსო…ზუსტად ამ სიტყვებით მოგვიშორეს“, – ამბობს ის.

მზექალა  კაციავამ  სანდრა რულოვსის ტყაიაში ჩასვლის ამბავი  რამდენიმე დღის წინ მეუღლისგან გაიგო.  გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატზე ისიც ნაწყენია. ამბობს, რომ  ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრების არცერთი დაპირების აღარ სჯერა და იმედი აქვს, მისი გოგონა უკანასკნელი იქნება, ვინც მათგან მოტყუებული დარჩა.

ავტორები: ჯემალ ღამბაშიძე, ლევან ნინუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები