„თანამგრძნობი თვალი“ – მარკ რიბუს ფოტოგამოფენა გაიხსნება

10 მაისს, 11:00 საათზე, ხელოვნების სასახლე მარკ რიბუს ფოტოგამოფენას –  „თანამგრძნობ თვალს“ უმასპინძლებს.
კურატორი: ლორენ დურე; ორგანიზატორები: გრეგორ ბელციგი, თეონა გოგიჩაიშვილი.
კატრინ რიბუ: „მარკი ენთუზიაზმით სავსე, მგზნებარე ადამიანი იყო, სიყვარულის უნარი ჰქონდა და ზოგჯერ ის ქვეყნები უყვარდებოდა, რომელსაც მოინახულებდა ხოლმე. ცხადია, არა ყველა მათგანი, ზოგიერთი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩინეთი უყვარდა, ასევე ანგკორი, ნეაპოლი და მოგვიანებით საქართველო, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა.
ეს გამოფენა საქართველოს მარკის საყვარელ ქვეყნებს შორის საკუთარ ადგილს მიუჩენს. ის, ასევე, საშუალებას იძლევა, რომ ვიხილოთ ფოტოგრაფის მიერ თითქმის 50 წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები. ჩვენ პირველად ვიხილავთ პროვინციელ ახალგაზრდას, რომელიც ეიფელის კოშკის ხილვამ გააოგნა და, ასევე, 1950-იანი წლების დასაწყისის პარიზს. შემდეგ, 1957 წელს, თვალს ვადევნებთ მოუსვენარ კაცს, რომელიც ჯორჯ როჯერსის ნათხოვარი ძველი ლენდ როვერით მოგზაურობს. მისი მარშრუტი მოიცავს ტერიტორიას ბეირუთიდან კოლკატამდე, თურქეთის, ავღანეთის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების გავლით. მის მიერ ამ ქვეყნებში აღმოჩენილი მშვენიერება ბოლომდე შემორჩება მეხსიერებაში, მაგრამ მარკის რჩეული ფოტოები, ასევე, ცხადყოფს, რომ მას არასდროს განელებია ინტერესი ევროპის, იქ მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლების, სტუდენტური ამბოხებების მიმართ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. ბოლოს, მის რეტროსპექტივაში, ისევე როგორც მის ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩინეთს – ქვეყანას, სადაც მარკი ყოველთვის ბრუნდებოდა (1957-2010).
საქართველოში გატარებული სამი კვირა მარკისთვის უწყვეტ სიხარულს უკავშირდებოდა. ის მართლაც ძალიან გახარებული იქნებოდა, დღეს რომ მისი ნამუშევრების გამოფენა ეხილა იმ ქალაქში, რომელიც უყვარდა და სადაც ნამდვილი მეგობრები შეიძინა”.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები