სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს ფარულად შეხვდა და ტყაიელები გაანაწყენა – “მოსასვლელი პირი არ ჰქონდა” (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი კონფლიქტისპირა სოფელ ტყაიაში მხარდამჭერების ოჯახებს ისე ეწვია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვდა. სანდრა ელისაბედ რულოვსი მხოლოდ ენმ-ს აქტივისტების – დემურ ფიფიას, პაპუნა ალიჩბაიას და მერაბ აკობიას ოჯახებს ესტუმრა. იქ რამდენიმე საათი გაჩერდა და სოფელში ხელისუფლების მიერ უკვე მოგვარებულ ან არარსებულ პრობლემებზე განცხადებები გააკეთა, მათ შორის, გაზიფიცირებასა და ელექტროენერგიაზე. ითქვა, რომ სოფელში გარე განათების ბოძებია წაქცეული და ამ საკითხს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დასახელებული პრობლემებიდან დღეს მათ არცერთი აქვთ და რომ ოპოზიციის კანდიდატს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, ან მან შეგნებულად იცრუა.

ტყაიელები აცხადებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატთან შეხვედრა მათაც სურდათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ადგილობრივი ბელა კიკორია, რომელიც ადრე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, აცხადებს, რომ სანდრა რულოვსთან შესახვედრად დაცვის წევრებმა არ გაუშვეს.
“პირადად მინდოდა შეხვედრა და იმის მოსმენა, რაზე იყო საუბარი და რას აკეთებდნენ, თუმცა, იქ დაცვა იყო, 4 ბიჭი იყო და არ შემიშვეს….ასე მითხრეს, არ შეიძლებაო, ჩვენი ის არა ხართო…მე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვიყავი…რაღაცებს შემპირდნენ, თბილისში უნდა ჩავსულიყავი, სამჯერ ჩავედი…ჩემი ბავშვი სწავლობდა იქ და ამ თემაზე…თუმცა, არანაირი ყურადღება არ მომაქციეს…რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ამ პარტიამ სახლი ამიშენა”, – აცხადებს კიკორია.

ჯული ხვიჩავა ტყაიელია და მასაც სურდა, რულოვსთან საარჩევნო შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა, ოპოზიციის მერობის კანდიდატს ვერც ის შეხვდა.
“ალბათ, იმიტომ არ შეგვხვდა, რომ ჩვენთან მოსასვლელი პირი არ ჰქონდა”, – ფიქრობს ხვიჩავა.

“კვირამ” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ტყაიას ადმინისტრაციაში მერიის წარმომადგენელსაც სთხოვა. ედემ კეკუტია აცხადებს, რომ რულოვსმა პოპულისტური განცხადებები გააკეთა და ამომრჩეველთან იცრუა:

“გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, სოფელში არანაირი პრობლემა არ არსებობს, მით უმეტეს, რომ სოფელში ყველა მცხოვრებს უფასოდ შეუყვანეს გაზი. თითოეულის დეპოზიტზე 400-400 ლარი დაირიცხა. ეს მოხდა ერთი წლის წინ… რაც შეეხება “ენერგოპროსთან” დაკავშირებულ ბრალდებას, მე ვიყავი ამის საქმის კურსში. ერთ-ერთმა მოქალაქემ, ერთი კვირის წინ პრეტენზია გამოთქვა… მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად განცხადებით არ მოუმართავს, მხოლოდ სიტყვიერად მითხრა, მე ყურად ვიღე ეს ყველაფერი. მივმართე “ენერგოპროს”, მერიას… “ენერგოპროს” წარმომადგენლები ადგილზე ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს ტერიტორია, ფოტოც გადაუღეს, აღრიცხეს რამდენი ბოძია წაქცეული, რამდენია აქედან ავარიულ მდგომარეობაში და ამის გადაწყვეტას დღედღეზე დაგვპირდნენ…ამ დღეებში ჩამოიტანენ და დააყენებენ ამ ბოძებს, ამას თავისი პროცედურები სჭირდება, თორემ, ამის გაკეთების პრობლემა არ არსებობს…მაგრამ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ასეთი ტაქტიკა, ასეთი პატარა რაღაცები უნდა დაიხვიონ ხელზე და ეს უნდა გააშუქონ…რაც გაკეთდა ტყაიაში ამის ჩამოთვლას დიდი ხანი მოვუნდები…”, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.

კეკუტია მაგალითისთვის სოფელში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალიც მოიყვანა. მათ შორის: სოფლის რაიონთან დამაკავშირებელი გზა, გარეგანათება, მოსაცდელები, მინისტადიონი, სკოლის ბაღის და ძველი ადმინისტრაციის შენობის შემოღობვითი სამუშაოები, ენგურის სანაპიროზე 300 მეტრის სიგრძის და 4 მეტრის სიმაღლის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რითაც სოფელს წალეკვის საშიშროება აარიდეს. რწმუნებულმა განაცხადა, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში ამჟამად, ხიდბაგირისა და წისქვილის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე, მისი განცხადებით, პალური-რიყის გავლით, რუხის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ბეტონის გზის მშენებლობის ტენდერი დასრულებულია, რომელიც ერთ-ერთმა კომპანიამ მოიგო და ამ კუთხითაც იწყება სამუშაოები.

ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე, ლევან ნინუა

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები