ზეინაბ ბარნოვის ფოტოგამოფენა – „ისტორია“ გაიხსნება
10 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, ზეინაბ ბარნოვის ფოტოგამოფენა – „ისტორია“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გაიმართება.
პროფესიით სოციოლოგი ზეინაბ ბარნოვი ფოტოგრაფიაში 90-იანი წლებიდან გამოჩნდა. ის იყო პირველი ქალი ფოტოკორესპონდენტი „საქინფორმის“ ფოტოქრონიკაში, წლების მანძილზე მუშაობდა პრეზიდენტის პრესსამსახურში და იყო ჟურნალ „ანაბეჭდის“ ფოტორედაქტორი.
2005-2006 წლებში ბარნოვი მოღვაწეობდა მოსკოვის ხელოვნების საგამოფენოცენტრში; „The Moscow Fine Art Fair“- მსოფლიო მნიშვნელობის საგამოფენო სალონი წარმოდგენილი ცნობილი გალერეებით Academy of Arts Gallery, Art Deco, Bvlgari,Chanel, Magnum Arts და სხვა. ამავე წლებში ბარნოვი სისტემატურად თანამშრომლობდა პოპილარულ ჟურნალებთან: „Vogue“, „Harper’s Bazaar“, „Mezonin”, „L’Officiel“. ფოტოგრაფი მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა, მას მიღებული აქვს პრემიები ნომინაციებში – „ჟანრული ფოტო”, „მხატვრული ფოტო”.
გამოფენაზე წარმოდგენილია ზეინაბ ბარნოვის 90-იანი წლების კოლექცია, რომელშიც ასახულია ომგამოვლილი, მაგრამ უკეთესის მომლოდინე დედაქალაქი. ასეთი მკაცრი რეალობის ფონზე დანახული თბილისი საოცრად ლირიკულია.