“ენმ-ს ლოგიკით, ყველა პროექტი, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, კანონდარღვევაა” – მარნეულის მერიის პასუხი “ნაცების” ბრალდებას (ვიდეო)
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს მარნეულში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს ფოტო და დოკუმენტური მასალა წარუდგინდა და მან საოლქო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.
“გულვერ შუბითიძე, რომელიც არის 66-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე , 11 აპრილს დანიშნეს კომისიის წევრად, 16 აპრილს გაუფორმეს 2 ხელშეკრულება, ჯამში 62 ათას ლარზე და 18 აპრილს უკვე დანიშნეს კომისიის თავმჯდომარედ. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანი ვის ინტერესებს დაიცავს კომისიაში?! ის უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო კომისიას”, – ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.
თავის მხრივ, გულვერ შუბითიძე არ ფიქრობს, რომ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა ან მოგებული ტენდერების გამო, ის მიკერძოებული იქნება. 66-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე ის უკვე მესამედ არის არჩეული და რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის .
“ეს აბსურდი ბრალდებაა. ჯერ ერთი, არასწორად ამბობენ, 2 კი არა, 4 ტენდერი მოვიგე, სოფლის პატარა ტენდერები. ამას არცერთი კანონი არ კრძალავს. 4-5 არჩევნებია თავმჯდომარე ვარ, 2 წელზე მეტია ტენდერი არ მომიგია, დიდი ტენდერები იყო და იმიტომ… მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც ვყოფილვარ. აქამდე ვიყავი კომისიის წევრი, ახლა ამირჩიეს თავმჯდომარედ. რა თქმა უნდა, არ დავტოვებ თანამდებობას”, – ამბობს გულვერ შუბითიძე.
“კვირა” მარნეულის მერის მოადგილეს, ზაურ ტაბატაძესაც დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვა. ტაბატაძემ “კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მერია, როგორც საჯარო უწყება, არ არის ვალდებული იცოდეს, ვინ არის საარჩევნო კომისიის წევრი ან თავმჯდომარე. მისივე თქმით, შუბითიძე ინდმეწარმეა და მას ტენდერებში მონაწილეობის სრული უფლება აქვს.
“ეს კაცი არის ინდმეწარმე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოების ტენდერში. მოწინააღმდეგის ბანაკში ქვების სროლა მათი წესია და ჩვენ ამას მიჩვეული ვართ. სრულიად არ მიკვირს, მათი მხრიდან არასწორი, არობიექტური და გაუაზრებელი ქმედება… მე, მერიაში ხელმძღვანელმა პირმა, რატომ უნდა ვიცოდე, ვინ არის საარჩევნო კომისიის წევრი, ან თავმჯდომარე. მე ჩვეულებრივ სამეურვეო საქმიანობას ვასრულებ და არ ვთვლი, რომ აღნიშნული მიზანმიმართული ქმედება იყო.
ენმ-ს ლოგიკით, ყველა პროექტი, რასაც სახელმწიფო ხალხისთვის აკეთებს, ან აფინანსებს, კანონდარღვევაა. მათ თავისუფლად შეუძლიათ, ხელისუფლების მიმართ ობიექტურად კეთილგანწყობილი ადამიანები იპოვონ და მათ ბრალდებები წაუყენონ…მაგალითად, პედაგოგებს, ვისთვისაც მერიას სკოლა ან ბაღი შეურემონტებია, ანდა, სტუდენტებს, რომელთათვისაც არაერთხელ გამოგვიყვია თანხები საგანმანათლებლო პროგრამებისთვის… რამდენი ადამიანისთვის გაგვიწევია სოციალური დახმარებაც… ყველაფერს ხომ არ ჩამოვთვლი… ასე როგორ შეიძლება, ყველგან ამომრჩევლის მოსყიდვა გელანდებოდეს?“, – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.