ეროვნული ბიბლიოთეკა ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს – „გურიას“ უმასპინძლებს

10 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, XIV საერთაშორისო ფესტივალის – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში,  ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „გურია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ბიბლიოთეკა წელს პირველად მონაწილეობს ამ პოპულარულ ფესტივალში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იტალიაში მოღვაწე მსოფლიოში სახელმოხვეჭილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილია, საპატიო სამხატვრო მრჩეველი კი –  შემსრულებელი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალის დირექტორები, ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები  მანანა ხვედელიძე და ირინე სახამბერიძე არიან.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას გახსნის ლევან კოღუაშვილისა და გიორგი კეკელიძის ფილმისთვის შექმნილი დოკუმენტური ჩანახატის საპრემიერო ჩვენება;
„სამუშაო ვერსიის პირობითი სახელწოდებაა „გურია“. საღამოს სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ყველაფერი მხოლოდ გურიასა და გურულებზე იქნება. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ამ ულამაზესი კუთხის წეს-ჩვეულებებს, ისტორიასა და მნიშვნელობაზე გიამბობთ.
რეჟისორ ირაკლი მახარაძის ფოტოკოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი იხილავს მის მიერ შექმნილ ქანდაკებებსა და რეჟისორის მიერ გურულებზე გადაღებული ფილმების ვიდეოინსტალაციას.
პირველი ქართული გრავიორის, გრიგოლ ტატიშვილის „ჩართული ანბანის“ ნიმუშების ექსპოზიცია კი ქართული ანბანის სილამაზეს და მრავალფეროვნებას შეგახსენებთ.
საღამოს გააერთიანებს და შეავსებს ანჩისხატის მგალობელთა ტრიოს (დავით შუღლიაშვილი, დავით ცერცვაძე, დავით კოლელიშვილი) მიერ შესრულებული სააღდგომო საგალობლები და გურული სიმღერები“, – აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები