შსს-მ პროსტიტუციის ბრალდებით როენა ხუცურაული, იგივე „მამიდა“ დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.
“ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემურად აქირავებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
აღსანიშნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავა; კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. – მეტსახელად „ფისო“”, – აცხადებენ შს სამინისტროში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები