„აღდგომისა დღე არს“ – საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა  საღამო – „აღდგომისა დღე არს“ ჩაატარა.
დამსწრეთ მიესალმა ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა. საღამოს უძღვებოდა თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია. მან მონაწილეებსა და მსმენელებს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და  ამ უმნიშვნელოვანეს დღეზე ისაუბრა.
ირინა ქეცბამ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ცენტრისა და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ერთობლივად ჩატარებული კონკურსის – „გენო კალანდიას ლექსზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოები“ შესახებ. საქართველოს სახალხო არტისტმა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, კონკურსის თავმჯდომარე ვაჟა აზარაშვილმა დიპლომები გადასცა 1-ლი და მე-2 პრემიის ლაურეატს კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძესა და მე-3 პრემიის ლაურეატებს: კომპოზიტორებს კახა ცაბაძესა და გიორგი შავერზაშვილს, ასევე, სიგელები გადაეცათ კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს – ლიკა ჯგერენაიასა და ელენე ალადაშვილს, რომლებმაც გიორგი შავერზაშვილის აკომპანირებით შეასრულეს თავიანთი ნაწარმოებები.
ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარებული კონკურსის  -„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ლაურეატმა ნინო ჩიბურდანიძემ წაიკითხა ტარიელ ჭანტურიას ლექსი – „მიძღვნა გენო კალანდიასადმი“, მხატვრული კითხვის ოსტატმა მერაბ ბრეკაშვილმა წაიკითხა გენო კალანდიას სამი სონეტი: „აღდგომის სურათი“, „აღდგომის კვერცხი“ და „მუმლი მუხასა“.
გენო კალანდიას საზოგადო მოღვაწეობის, საგამომცემლო საქმიანობის შესახებ ისაუბრა პოეტმა მანონ ბულისკერიამ. დასასრულს გენო კალანდიას მეუღლე ნანა სახოკიამ მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
საღამოზე წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა სააღდგომო საგალობლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები