მუზეუმების საერთაშორისო დღეს ვარძიის კომპლექსი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინლებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ზრდას“ ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექრურულ მუზეუმ-ნაკრძალი, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს – „ღამე მუზეუმში” მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნავს.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
მუზეუმ-ნაკრძალის ახლად ამოქმედებულ ვიზიტორთა ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია. აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) “ზრდა” პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფით შეძენილი VR საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა, რომელიც შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც ადაპტირებული იქნება და სამომავლოდ ის რეგიონში რეგისტრირებულ 1200-მდე შშმ პირს მოემსახურება. ახლად ამოქმედებული VR სტენდების პრეზენტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ადგილობრივი მოქალაქე VR პროგრამული მხარდაჭერის მქონე მობილური აპარატურით დასაჩუქრდება.
“ღამე მუზეუმში” –  პროგრამის ფარგლებში ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ვიზიტორთა ცენტრის სამუზეუმო სივრცე, სადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში მოძიებული ქვის ორნამენტული ფრაგმენტები და საქართველოს კლდის ძეგლების თემაზე მომზადებული ფოტოექსპოზიცია გამოიფინება, დამთვალიერებლებს პირველად უმასპინძლებს.
საზეიმო ღონისძიების ფორმატში სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან ერთად, მოწვეულ სტუმრებსა და ვიზიტორებს სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ მხარდაჭერილი „ვარძიის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ქმედებების შინაარსსა და მიმდინარეობას გააცნობს.
ადგილობრივი ჯიშის ვაზით საზეიმოდ განაშენიანდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ახლად მოწყობილი მესხური ტერასები, სადაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წევრები სახელობით ნერგებს დარგავენ.
18 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
პროგრამის – „ღამე მუზეუმში“ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული გუნდი, რომელიც მაყურებელს ეფექტურ სანახაობას შესთავაზებს. მოფარიკავეთა წარმოდგენას კი ცოცხალი შესრულებით მომღერალ სოფო ხალვაშისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი განაგრძობს. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.
საერთაშორისო აქციას „ღამე მუზეუმში“ – 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება გაერთიანების წევრ ქვეყნებში.
მოგვიანებით, პროგრამამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ტრადიციულ ღონისძიებად „ღამე მუზეუმში“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დამკვიდრდა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: USAID-ის პროგრამა „ზრდა“; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; კომპანია „vrex”, ნათენაძის ღვინის მარანი, ადგილობრივი ღვინის კომპანიები, ტრადიციული რეწვის ასოციაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები