„კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“ – გამოფენა გაიხსნება

7 მაისს, 15:00 საათზე,  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით: „კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ფარგლებში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს ახალგაზრდა კალიგრაფს, ალექსანდრე მამუკაშვილს. იგი თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ქართულ ანბანს კალიგრაფიული ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის „კალიგრამის“ საშუალებით აცოცხლებს.
კალიგრამის ნიმუშები მსოფლიოში ჯერ კიდევ ძვ.წ III საუკუნეში ჩნდება. ქართულ ხელნაწერებში კალიგრამის ერთ-ერთი ნიმუში გვხვდება XII-XIII საუკუნის გამორჩეულ ხელნაწერში, იოანე სინელის კლემაქსში. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ, იხილონ აღნიშნული ხელნაწერის ორიგინალი და დაინახონ კავშირი თანამედროვე ახალგაზრდების ხელოვნებასა და შუა საუკუნეების კალიგრაფიულ ტრადიციას შორის.
ღონისძიების მსვლელობისას საზოგადოებას საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს კალიგრამის შექმნის პროცესს. ალექსანდრე მამუკაშვილი კალიგრამად აქცევს ერთ-ერთი კომპოზიტორის გამონათქვამს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრეს მიერ შესრულებული სხვა ნამუშევრებიც. კალიგრამის სახით გაცოცხლებულია ისეთი ცნობილი კომპოზიტორების გამონათქვამები, როგორებიც არიან: ჯუზეპე ვერდი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნიკოლო პაგანინი, ჰექტორ ბერლიოზი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, ინოლა გურგულია და სხვ.
ასევე, 7 მაისს გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს შუა საუკუნეების ქართული მუსიკალური შინაარსის ხელნაწერები სანოტო ნიშნებით.

მის: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები