პროექტი – „საქართველო, ევროპა“ დაიწყო
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, მასშტაბური პროექტი – „საქართველო, ევროპა“ დაიწყო. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი – „კულტურათა კავშირი – საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.
პროექტის „საქართველო, ევროპა“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის ამაღლება, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა – ქვეყნის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე.
კულტურული დიპლომატია, ე.წ. ,,რბილი ძალა“, ძირითადი ინსტრუმენტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფორმირებაში, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის განხორციელება კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.