„ჩემი ფიროსმანი“ – მირზაანმა 14 წლის ანანო ზავრაშვილის ლიტერატურულ სპექტაკლს უმასპინძლა
დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში, ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ჩემი ფიროსმანი“ გაიმართა, რომელიც 14 წლის ანანო ზავრაშვილმა წარმოადგინა. ერთ-ერთი ცნობით, 5 მაისი მხატვრის დაბადების დღედ ითვლება.
ღონისძიებაში დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული სიმღერისა და გალობის სკოლის ანსამბლიც მონაწილეობდა.
საღამო ღია ცის ქვეშ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და დედოფლისწყაროს მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას თბილისელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფიროსმანის მკვლევარმა ანზორ მაძღარაშვილმა, დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა და სხვა სტუმრებმა.