„თი-ბი-სი გალერეა“ დავით კაკაბაძის საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს
წელს „თი-ბი-სი ბანკი“ დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. 8 მაისს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“, „თი-ბი-სისა“ და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – დავით კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ამ გამოფენით მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმეეტაპიანი, მასშტაბური პროექტი იწყება.
დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი მოიცავს სხვადასხვა მასალას: მათ შორის ჩანახატების, დოკუმენტებს, ჩანაწერებსადა ესკიზებს. კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით, გამოფენის მიზანი ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქებაა. ამავე კვლევების უშუალო გაგრძელება კი მემკვიდრეობის მულტიმედია ხელოვნებასთან დაკავშირება და ხელოვნებაში ახალი ფორმებისა და იდეების გაჩენაა. კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და ეროვნული იდენტობის მატარებელ ფიგურას.
დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან პირველმა დაიწყო ხელოვნებისა და წარმოების სინთეზის შესახებ საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტანილის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.
დავით კაკაბაძე დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. მის ხელოვნებაში წარმოდგენილია როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ღირებულებები, რაც ქართული იდენტობის გათვალისწინებით, მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის.
გამოფენა 20 ივნისამდე გასტანს.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთაველის თეატრი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
პროექტის ავტორები: ნინა ახვლედიანი და მარიამ კაკაბაძე; სტრატეგიული ხელმძღვანელი: დათო კოროშინაძე.