დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯორჯ კენტის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში, ასევე, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები მონაწილეობდნენ.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე იასუბრეს.

მხარეებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა თანამშრომლობის ყველა არსებული ფორმატის ეფექტიანი გამოყენების მზაობა და სურვილი.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ამერიკული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების მუდმივად, მაღალ დონეზე ასახვის მნიშვნელობა და აშშ-ს, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ამ პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები