ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას, რათა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური ცენტრი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში – ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან ცნობეს, მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგისა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ამერიკულ მხარეს პარლამენტში განხორციელებული ცვლილებები გააცნო, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ შესრულებას უზრუნველყოფს.

ამას გარდა, საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონით დადგინდა უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობასა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის კანდიდატთა შერჩევას.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალურ მიმართულებებსა და პარლამენტის საჭიროებებზე. განიხილეს ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზაობა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.

თავის მხრივ, ჯორჯ კენტმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები