გიგა ბოკერია: არის კითხვების ნაწილი, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი

“რა თქმა უნდა, იყო და არის საკითხები ჩვენს კითხვებში, რომელიც დახურვას საჭიროებს, მაგრამ არის კითხვების ნაწილი, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტან გომელაურის პარლამენტში გამოსვლას.
მისივე თქმით, დახურული სხდომის პლუსი ისაა, რომ გამომსვლელის ქებასა და მადლობის გადახდაზე ნაკლები დრო იხარჯება.
“რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პანკისის ოპერაციაზე. იქ არის ნაწილი, რომელიც საჯარო არ უნდა იყოს, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” მიერ დასმული კითხვების 99% იყო ისეთი, რომელსაც სხდომის დახურვა არ სჭირდება. ჩვენ გვქონდა ორივე კატეგორიის კითხვები – ისეთი, რომელიც დეტალებზე დახურულ განხილვას მოითხოვს და გვქონდა ისეთიც, რომელიც საჯარო დისკუსიის საკითხია. მაგალითად, ისეთი საკითხი – როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, სუს-ის წარმომადგენელი ლეგიტიმურად მოუწოდებს ყველას, რომ დავით გარეჯის გარშემო არსებულ სიტუაციაზე არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, ქვეყანა პრობლემაში ჩაითრიონ და შუღლი გააღვივონ ქვეყნის შიგნით, ან მეზობელ, მეგობრულ ქვეყანასთან. ჩვენ ყველამ ვიცით, სოციალურ ქსელებში ვინ აქტიურობს. ის ვინც ამას აკეთებს, არის “ქართული ოცნების” პირდაპირი ან ირიბი მოკავშირე. ბუნებრივია, ამაზე კრიტიკული პოზიცია არის სუს-ის ხელმძღვანელის მიმართ, თუმცა ის არ არის პირდაპირი პასუხისმგებელი. ერთი მხრივ, შავრაზმული ძალები ჰყავთ, რომელიც ამ სიძულვილს აღვივებენ და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. ისინი მათ არჩევნებში საკუთარი ამოცანებისთვის იყენებენ. შემდეგ, როცა საფრთხე მოვა, უცებ მორალის კითხვას იწყებენ, მათ შორის, სწორი პოზიციიდან – ამ შემთხვევაში, დავით გარეჯზე, რომ არ უნდა გავამწვავოთ და ფრთხილად ვიყოთ.
შესაძლოა, ბატონ გომელაურს ან ნებისმიერ სხვას დამაჯერებელი პასუხიც ჰქონოდა კითხვების ამ ნაწილზე. მათთვის სჯობდა, რომ ასე ყოფილიყო. ახლა იქმნება შთაბეჭდილება, რომ “ოცნებამ” საფუძველი შეუქმნა იმას, რომ საჯარო საკითხებზე საჯარო დისკუსიის ეშინოდათ. რა თქმა უნდა, იყო და არის საკითხები ჩვენს კითხვებში, რომლებიც დახურვას საჭიროებს, მაგრამ არის კითხვების ნაწილი, რომელიც სწორადაც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი: რატომ უჭერს მხარს მმართველი გუნდი, როგორ აფასებს სუს-ი იმას, რომ ჯგუფები, რომლებიც, მისივე თქმით, უქმნიან პრობლემას საქართველოს, არიან მმართველი გუნდის მოკავშირეები, ეს არის – “პატრიოტთა ალიანსი”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები