ვახტანგ მახარობლიშვილი: ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, იმ კითხვებისთვის ეპასუხა, რომლებიც ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჰქონდათ

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, შეხვედრა შინაარსობრივად დატვირთული, პროდუქტიული და საინტერესო იყო.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმაცია გაეცვალათ, თუ რა პროგრესს განიცდის საქართველო მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით.
“ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, იმ კითხვებისთვის ეპასუხა, რომლებიც ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჰქონდათ. ქართულმა მხარემ ის რეკომენდაციები მოისმინა, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. მათ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. საუბარი იყო მიმდინარე რეფორმებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე. მთელი სპექტრი იყო განხილული, რომელიც დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან არის დაკავშირებული. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის და მუშაობს იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ეუთოს-ს მიერ გაიცა“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
სტრატეგიული პარტნიორობის კომისია წარმოადგენს უმთავრეს, ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს, რომლის დანიშნულებაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ჩვენი საერთო მიზნის, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. კომისია ყურადღებას ამახვილებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ხალხთა შორის ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე.
საქართველოში ყოფნისას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა პარტნიორთან ცალკეულ შეხვედრებსაც გამართავენ, რათა განიხილონ აშშ-ის მთავრობის დახმარება დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები