არჩილ თალაკვაძე: ევროპა აღიარებს საქართველოს დიპლომებს, ანუ – ქართული განათლების ევროპულ ხარისხს
„ევროპა აღიარებს საქართველოს დიპლომებს, ანუ – ქართული განათლების ევროპულ ხარისხს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებას.
„ეს ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის მიზანმიმართულ, დაუღალავ მუშაობას მოჰყვა, რათა ხორცი შესხმოდა ამ ეროვნულ იდეას, რომლის ფარგლებში ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ევროპა აღიარებს საქართველოს ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული პროგრამების კვალიფიკაციებს, დიპლომებს, ანუ – ქართული განათლების ევროპულ ხარისხს. ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ საქართველო იბრუნებს საგანმანათლებლო კერისა და ცენტრის სტატუსს რეგიონში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობა იმის დასტურია, რომ განათლების რეფორმამ სწორი სტარტი აიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს განათლების სისტემა ხარისხზე აქცენტით იწყებს. განსაკუთრებით გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, რათა მათ დააკმაყოფილონ ENQA-ს სტანდარტი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებას პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისტორიული უწოდა.
„საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ENQA-ში გაწევრიანებით საქართველომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სტანდარტი ძალიან მაღალი იყოს.