ვახტანგ გომელაური: 13 მარტს სუს-მა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას გეგმავდა

„13 მარტს სუს-მა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას გეგმავდა“, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.
„მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სახელმწიფო უწყებებთან მუდმივ კოორდინაციას, ასევე – მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. წარმატებით ვაგრძელებთ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. მიმდინარე წლის 13 მარტს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას გეგმავდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება. 2018 წელს რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელმა უკრაინელ პარტნიორებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა, სადაც ქართველმა სპეციალისტებმა უკრაინელ კოლეგებს ბირთვული და რადიაციული კონტროლის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურის ინიციატივით, საქართველომ უმასპინძლა უკრაინის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს. უკრაინელ პარტნიორებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ბირთვული და რადიაციული კონტროლის სფეროში. სამსახურმა, ასევე, ჩაატარა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება “ლომის ფარი”, რისთვისაც ევროკომისიამ საქართველო საუკეთესო პარტნიორად დაასახელა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები