ქართული დიპლომების აღიარება ევროპაში – საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იქნება ევროკავშირში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ENQA-ში გაწევრიანებით საქართველომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი. პრემიერმა აღნიშნულ ფაქტს ისტორიული უწოდა.
„საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს ჩემი გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება ENQA-ში. ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლებაა მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისთვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს. პრემიერმინისტრმა ENQA-ში გაწევრიანებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპელ მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში.
მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალ თვეებში მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები