მამუკა ბახტაძე: ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება

„ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკა-ში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ განათლება არის მთავარი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში. „ეს არის დიდი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა მას შემდეგ, რაც დავაანონსეთ ახალი განათლების რეფორმა, ეროვნული იდეა. ეს უკვე გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და, ამავე დროს, არის დიდი პასუხისმგებლობა. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი. მაქსიმალური ფოკუსი უნდა გვქონდეს გაკეთებული ხარისხზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი მიიჩნევა, რომ ის არის ვალიდური და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. მომავალ თვეებში ინტენსიური მუშაობა გვექნება უნივერსიტეტებთან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც არის ისტორიული მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტები შეძლებენ მეტ დაახლოებას. იქნება მაქსიმალური მობილურობა ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსთან. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ეროვნული იდეის ფინანსური პარამეტრები. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მივმართავთ განათლებაზე და ეს არის ბიუჯეტის მეოთხედი. დარწმუნებული ვარ, „ენკა-ში“ გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში განათლების სტანდარტი იყოს მაღალი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებსა და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები