საქართველოში კონცერტებს ჰოლანდიური ვოკალური ანსამბლი – Barbers & Bishops მართავს

2-4 მაისს, თბილისსა და თელავში, კონცერტებს ჰოლანდიური ვოკალური ანსამბლი – Barbers & Bishops მართავს.
ანსამბლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცთა კაპელამ საგუნდო მუსიკის კონცერტი უკვე გამართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში. კონცერტში მონაწილეობდა ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდიც. ჰოლანდიელებმა ილიაუნის გუნდთან ერთად ქართული სიმღერებიც შეასრულეს.
3 მაისს, 15:00 საათზე, ანსამბლი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში წარდგება, ხოლო 4 მაისს ჰოლანდიურ ჯგუფს თელავის მუსიკალური სასწავლებელი უმასპინძლებს.
9 წევრიან ანსამბლს – Barbers and Bishops გამოარჩევს მამაკაცთა ხმების უნიკალური კომბინაცია (დაბალი ბანებიდან – მაღალ კონტრტენორამდე) და მდიდარი რეპერტუარი.
გუნდი Barbers and bishops უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს. ასრულებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მუსიკას.
საქართველოში გამართულ კონცერტებზე გაჟღერდება:  პატულეტის/Patoulet, ბერდისა/Byrd და სველინკის/Sweelinck ნაწარმოებები. ასევე შესრულდება Steely Dan-ის, ჯო ჯექსონის, ბილი ჯოელის და დევიდ ბოუის პოპ-სიმღერები.
ანსამბლის წევრები ერთ-ერთი ძველი დროის ჰოლანდიელი კომპოზიტორის, Sweelinck-ის „ოცდამესამე ფსალმუნის” პარალელურად, შეასრულებენ  თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ნინო ჯანჯღავას „ალილუიებს“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებებს საუკუნეები აშორებს ერთმანეთისგან, ისინი მაინც ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს.
Barbers and Bishops მუსიკას დირიჟორის გარეშე ასრულებენ. ანსამბლის შემადგენლობაში არიან: Henk de Groote, Ardo Ebbinge, Jan Brink, Vincent Tichelman, Karel Blommesteijn, Willem Schreuder, Frans Bremer, Frank de Ruyter (სამხატვრო ხელმძღვანელი) და Gerard Vromans.
ჰოლანდიური ვოკალური ანსამბლი – Barbers & Bishops მეორედ მართავს კონცერტებს საქართველოში. პირველად ისინი საკონცერტო პროგრამით 2016 წელს წარდგნენ ქართველი მსმენელის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები