გიორგი შენგელია: ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება
360 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსები შენდება, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ექვსივე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.
“დიდი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ ზუგდიდში თქვენთვის შენდება 6 საცხოვრებელი კორპუსი, სადაც 2020 წლის ბოლომდე შესახლდება 360-მდე ოჯახი”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში, ლაღიძისა და ბარამიას ქუჩაზე, ასევე სოფელ ინგირსა და კახათში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე შენგელიამ დევნილების პრობლემები მოისმინა და მერად არჩევის შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაჰპირდა.