როლანდ აბულაძემ კანდიდატურა მოხსნა – ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძოლებს
ხულოს შუალედურ რიგგარეშე არჩევნებში მერობისთვის ბრძოლას 14 კანდიდატი გააგრძელებს. პარტია “ახალი ქრისტიან დემოკრატების” წარმომადგენელმა, როლანდ აბულაძემ საკუთარი კანდიდატურა განცხადების საფუძველზე მოხსნა.
მერობის ყოფილმა მსურველმა “კვირასთან” სატელეფონო ინტერვიუში, განაცხადა, რომ ეს მისი სურვილი იყო და კანდიდატურის მოხსნა ოჯახურ მდგომარეობას დაუკავშირა.
“საკუთარი სურვილით, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე კანდიდატურის მოხსნა. ახლა ვმუშაობ ბათუმში. ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა არ მქონდა დაწყებული”, – აღნიშნა როლანდ აბულაძემ.
იმ შემთხვევაში, თუკი შვიდ მაისამდე რომელიმე სუბიექტი კიდევ არ დაწერს განაცხადს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, 19 მაისის არჩევნებზე ხულოს მერობისთვის 13 პოლიტიკური სუბიექტი და 1 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებენ.