არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: არანაირი ინტერესი მათ არ აქვთ პოლიციის აღჭურვილობაზე, ხელფასებზე, აქვთ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი

ოპოზიციონერ კოლეგებს ერთი შეკითხვაც არ დაუსვამთ იმ სფეროზე, რომლის მინისტრიც დღეს პლენარულ სხდომაზე წარდგა ანგარიშით“,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მინდა, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მოკლედ შევაჯამო ის ინფორმაცია და მოსაზრებები, რომელიც დღევანდელი მოსმენის შემდეგ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენგან აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა რეფორმებს, რომლებიც სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს, ეს არის ტექნოლოგიური აღჭურვა, ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და მისი გაძლიერება, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, ეს არის თანამედროვე კრიმინალისტიკური ლაბორატორია და სხვა მიმართულებები, რაზეც მინისტრი საუბრობდა წინა სხდომებზე და ისაუბრა დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს აქვს რთული გამოწვევა, ყველა დროს და ყოველ დღე. ეს არის 24 საათიანი რთული პროფესია, რომლის ფინანსური ანაზღაურება არ არსებობს და ანაზღაურებასთან ერთად, რომელიც აქვთ დღეს პოლიციელებს, დღეს მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე როგორ აფასებს პოლიციელების საქმიანობას. საქმიანობას, რომელიც არის რთული, რუტინული 99 %-ით და მხოლოდ 1 % შეიძლება ამ პროფესიას ახლდეს კმაყოფილება და შენი საქმის კეთებით გამოწვეული სიხარული. ამიტომ რთული საქმეა და საზოგადოება უნდა იდგეს იმ ადამიანების გვერდით, ვის გარეშეც, ერთი დღე რომ წარმოვიდგინოთ ქვეყანაში, ვერც ბიზნესი, ვერც ჯანდაცვა, ვერც სოციალური მიმართულებები, ვერანაირი მიმართულება ვერ იმუშავებს. ეს უნდა გვქონდეს ყველას გაცნობიერებული. აქ მთელი დღე ვუსმენდი ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს და თუ დაუკვირდით, ერთი შეკითხვაც არ დაუსვამთ, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ სფეროზე, რომლის მინისტრიც დღეს პლენარულ სხდომაზე წარდგა ანგარიშით. არანაირი ინტერესი მათ არ აქვთ პოლიციის აღჭურვილობაზე, ხელფასებზე, არანაირი ინტერესი არ აქვთ, თუ რა მანქანებით გადაადგილდებიან პოლიციელები, როგორი შენობები აქვთ მათ. ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს დღეს ამაზე ოპოზიციას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი და ვერ აცნობიერებთ თქვენ მეგობრებო, რომ საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი არ არის რომელიმე პარტიული ამოცანა, ეს არის ამოცანა, რომელიც ყველა მოქალაქეს სჭირდება ჩვენს ქვეყანაში და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას. სამწუხაროდ, დღეს თქვენ ვერ დაანახეთ ვერც საზოგადოებას და ვერც თქვენს კოლეგებს პარლამენტში, რომ ეს გესმით ასე კარგად. რომან გოცირიძეს გამოეხმაურა – კრიზისების მოგვარება დაუწუნა გახარიას ბატონო რომან, ერთი კრიზისი გამახსენეთ თქვენი ხელისუფლების საქმიანობიდან, რომელიც ნორმალურად მოაგვარეთ, სადაც თქვენი მინისტრი ჩასული იყო და ხალხს ელაპარაკებოდა. მაჩვენეთ ერთი მოგვარებული კრიზისი თქვენი ხელისუფლების პირობებში და მერე გექნებათ უფლება, ვინმეს რომ დაუწუნოთ კრიზისების მართვა“,-განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ბატონ გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თალაკვაძის თქმით, პანკისის საპოლიციო მოქმედებები იყო ზუსტად დაცვაზე ორიენტირებული საპოლიციო მოქმედება.

„თავიდანვე ამ მოქმედების ამოცანა იყო, რომ მოქალაქეები ერთ მხარეს და მეორე მხარეს, დაეცვათ ფიზიკური ძალადობისგან და ერთმანეთთან დაპირისპირებისგან და ეს ამოცანა პოლიციამ ზედმიწევნით შეასრულა და თავის თავზე მიიღო ის აგრესია და დარტყმა, რაც ყველამ დავინახეთ. ამიტომ, კრიზისების მოგვარებაზე როცა საუბრობთ, თქვენ ნამდვილად არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ვინმეს დაუწუნოთ კრიზისების მართვა, მით უმეტეს, ადამიანს, რომელიც ყველა რთულ სიტუაციაში პირადად არის იქ, სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება და სადაც სალაპარაკოა ხალხთან, თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც დაჯავშნილი მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს ასეთ ოპერაციებს და თქვენი კრიზისების მოგვარება როგორ მთავრდებოდა, ეს კარგად გვახსოვს – ტროტუარზე დაყრილი, დასისხლიანებული მოქალაქეებით. აღარ მინდა, კიდევ შეგახსენოთ ის, რაც თქვენ თვითონ არ დაგვიწყებიათ და გაკომპლექსებთ. ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა, რომ რა მაგალითი უნდა აიღოს თქვენგან საზოგადოებამ ან როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ თქვენ მართლა კანონების დაცვა გაინტერესებთ, როდესაც ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო და საკონსტიტუციო პრინციპს, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას, თქვენ თვითონ არღვევთ ჩვენს თვალწინ – სხვა რა ჰქვია, როდესაც თქვენს კოლეგას, ენზელ მკოიანს, უკვე მერამდენედ, მანტრასავით უმეორებთ, რომ თქვენ დაარბიეთ ადამიანებიო. ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ არც საქმეში, არც სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ამ ადამიანს არანაირი ბრალი არ აქვს დადასტურებული. სამარცხვინოა, უბრალოდ, როდესაც თქვენს კოლეგას დარბაზში ასე ელაპარაკებით და იურიდიული განათლების მქონე ადამიანი აბრალებთ იმას, რაც იურისტის ანი და ბანი არის რეალურად. ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც სხვას მოუწოდებთ კანონების დაცვისკენ და თქვენ აქ, საზოგადოების თვალწინ არღვევთ მთავარ პრინციპებს კანონმდებლობის. მინდა, რიკოთზე ვუპასუხო კანდელაკს – რიკოთთან დაკავშირებით თქვა, რომ 2011 წელს შევათანხმეთო, ყველაფერი გაფორმებული იყო და უნდა დაწყებულიყოო. 2016 წელს გაფორმდა ეს ხელშეკრულება, 2017 წლიდან მოლაპარაკებები იყო დასრულებული და 2021-2022 წლებში უნდა დასრულდეს ეს მონაკვეთი. ეს საზოგადოებამ იცის და საერთოდ არ ემთხვევა თქვენს ქრონოლოგიას. რა შეცდომაში შეგყავთ საზოგადოებამ. დაწყებულია უკვე რიკოთის პროექტზე მოსამზადებელი სამუშაოები და დასრულდება იმ დროს, როგორც ითქვა წინასწარ. პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით – ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თუ ერკვევით, უნდა გესმოდეთ, რომ რაც თქვენ შექმენით, რა ჩანაწერებიც თქვენ შექმენით, ათასობით, ადამიანებს რომ უთვალთვალებდით, სად იყავით მათ პირად ცხოვრებაში ყველგან, საძინებლებიდან დაწყებული, კაბინეტებში დამთავრებული, ის ჩანაწერები რომ ჩაწერეთ უკანონოდ, სად ინახავდით, ვის გადასცემდით ტელეფონებით და კასრებში ბოლოს როგორ აძველებდით სავარგულივით, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ხალხს მოატყუებთ, რომ ეს ჩანაწერები ზუსტად მაგ დროს არ არის გაჟონილი, გადატანილი და გადანახული? თქვენ გგონიათ, რომ მართლა დისკებით, ჩვენ რომ გავანადგურეთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევა იყო, მაგრამ თქვენს მხარეს რაც დარჩა, რაც თქვენ უკანონოდ შექმენით და გაავრცელეთ, გგონიათ, რომ ის ჩანაწერები გაქრა ბუნებიდან? სამარცხვინო ვირუსი შექმენით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას დიდხანს გაჰყვება სირცხვილად, მაგრამ ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა ყოველთვის, ვერასდროს ვერ გადმოგვაბრალებთ მაგ ჩანაწერების ამბავს და აქ ხმამაღლა განცხადებებს ნუღარ აკეთებთ ამ ჩანაწერების გავრცელებაზე. მინდა შევეხო ასევე, მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება პოლიციის საქმიანობას, საპოლიციო სერვისების ხარისხს, რაზეც მინისტრი არაერთხელ აკეთებდა აქცენტს თავის გამოსვლებში, დიახ, ეს არის დღეს ამოცანა, რომ საპოლიციო სერვისების ხარისხი გაიზარდოს და ეს არის კომპლექსური ამოცანა. აქ საჭიროა ტექნოლოგიები, აქ საჭიროა სამართლიანი ანაზღაურება, აქ საჭიროა სოციალური პირობები და სწორი პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიჰყვება თანმიმდევრულად“,- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები