ირაკლი ჩიქოვანი: “ნაცმოძრაობა” საარჩევნო კამპანიის წარუმატებლობას “ოცნებას” აბრალებს
“წარუმატებელი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, “ნაცმოძრაობა” ცდილობს, მოიგონოს ყველა სახის მიზეზი, თუ რატომ არიან წარუმატებლები და დააბრალონ “ოცნებას”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი “ნაცმოძრაობის” ბრალდებებს, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ პროვოოკაციებს აწყობს. აღნიშნული განცხადება ენმ-ს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ ზუგდიდის შტაბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ოპოზიცია ისტერიკაშია და თავიანთ წარუმატებლობას ხელისუფლებას აბრალებს.
„წარუმატებელი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, “ნაცმოძრაობა” ცდილობს, მოიგონოს ყველა სახის მიზეზი, თუ რატომ არიან წარუმატებლები და დააბრალონ “ოცნებას”. ზოდელავას ბრალდებები არის გაუგებარი, რა ფორმით უნდა ჩარეულიყო ხელისუფლება და დაებრალებინა, რომ ისინი კოორდინატორებს ხელფასს არ უხდიან. ეს არის ცილისწამება მათი მხრიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
გაერთიანებულ ოპოზიციაში უარყოფენ, რომ კოორდინატორებმა პარტია დატოვეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის წევრი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, ეს არის სუს-ის მიერ აგორებული შავი პიარი.
ზოდელავამ ამის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ჩატარებულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო რწმუნებულის შენობა საარჩევნო შტაბად აქვს გადაქცეული.
„ბოლო პერიოდში “ოცნება” ფეიკ ნიუსებით და სუს-ის აქტიური ჩართლობით კვლავ ცდილობს საარჩევნო პროცესში ჩარევას. უშიშროების ინტერესებში შედის ამ ამბის აგორება, რომ ჩვენი რიგები 30-მა კოორდინატორმა დატოვა, ეს არის სიცრუე. ვნახეთ ორი ადამიანი, რომლებიც არ არიან ჩვენი პარტიის წევრები. სუს-ის მიერ კონტროლირებადი სააგენტოების და ზოგი მსხვილი მედიასაშუალების დახმარებით აგორებენ ამ შავ პიარს”,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.