მერსედეს ვერა-მარტინი: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა – მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოამზადებს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს.
„მომავალი ორი კვირის მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს გამართავს. ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება; ასევე, ვისაუბრეთ მთავრობის გეგმების შესახებ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.