„ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან მშრომელთა მოძრაობას ახალი სიცოცხლე ეძლევა” – 4 პროფესიული კავშირი ახალ გაერთიანებას ქმნის

ოთხი პროფესიული კავშირი: “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი – ერთობა 2013”, “სოლიდარობის ქსელი”, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახალ , დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანებას ქმნის. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენელმა – მარიამ ბანძავამ, „რთობა 2013-ის” წარმომადგენელმა – ზაზა ბარბაქაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პროფესული კავშირის წარმომადგენელმა – ნინო ზაუტაშვილმა და „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელმა – სოფო ჯაფარიძემ განაცხადეს.

„ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან მშრომელთა მოძრაობას ახალი სიცოცხლე ეძლევა. ჩვენ ახალი პროფკავშირების კონფედერაციის შექმნას ვაანონსებთ 1-ელ მაისს, რადგან ეს არის მშრომელთა საერთაშორისო დღე და ეს თარიღი გვსურს, გახდეს ახალი და ძლიერი მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბების ათვლის წერტილი. საქართველოში პროფკავშირები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობად მიიჩნევა; თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ მშრომელთა ორგანიზების ახალ პრეცენდენტებს, გაფიცვებს, გამარჯვებებსა და გამოწვევებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გაერთიანება იწყებს მშრომელთა მობილიზებას მეტროში, სოც. მომსახურების სააგენტოში, მედიაში, კლინიკებში, რესტორნებში, მშენებლობებზე, მაღაზიებში, მაღაროებსა და დასაქმების ყველა ადგილას, რადგან დღესდღეობით მშრომელებს არცერთ სექტორში გვაქვს ღირსეული შრომის პირობები.

ჩვენ ვქმნით ახალ, ალტერნატიულ პროფკავშირულ გაერთიანებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთიანი ძალებით სამართლიანი შრომის პოლიტიკისთვის ბრძოლას, რათა ყველა დასაქმებულს ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო, ღირსეული შრომის პირობები და ხელფასი!
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაჩნდება ალტერნატიული პროფკავშირების კონფედერაცია, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს მშრომელთა ყოველდღიურობაში და საშუალებას მისცემს ყველას, ჩაერთოს სხვისი და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში!
ჩვენ ვქმნით ახალ, ალტერნატიულ პროფკავშირების გაერთიანებას, რადგან არსებული პროფკავშირული მოძრაობა საჭიროებს განახლებულ სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, მიდგომებსა და, ზოგადად, ახალ ხალხს!
ჩვენ ვიბრძოდით და დღეიდან გაერთიანებული ძალებით ვიბრძოლებთ ყველა მშრომელისთვის, რათა არავის უწევდეს 40 საათზე მეტხანს მუშაობა; რათა ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, დადგენილი გრაფიკი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, თავისუფალი დრო და ცხოვრება სამსახურის გარეთ!
ჩვენ ვიბრძოლებთ უკეთესი ინსტიტუციური სისტემისთვის, რათა შრომის კოდექსი გაძლიერდეს, მოხდეს მისი აღსრულება და მშრომელთა უფლებები იყოს დაცული!

ჩვენ ვიბრძოლებთ სამსახურებში, ქუჩებში, სასამართლოებში!
ჩვენ ვიბრძოლებთ მშრომელებისთვის სამსახურში და მის გარეთ”, – ნათქვამია ახალი პროფკავშირების კონფედერაციის განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები