გეგა არის ძალიან წესიერი ადამიანი და მისი რეპუტაცია ნამდვილად გამორჩეულია ხელისუფლების მასშტაბით, – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის შეხვედრაზე სოფელ დარჩელში ბაჩანა შენგელიამ, სადაც მის მიმართვას შელაპარაკება მოჰყვა.
“გეგას მე ვიცნობდი, წლებია ვიცნობ და ერთადერთი რაშიც შეიძლება ბატონებს დავეთანხმო არის ის, რომ გეგა არის ძალიან წესიერი ადამიანი და მისი რეპუტაცია ნამდვილად გამორჩეულია ხელისუფლების მასშტაბით. ეს მინდა დავადასტურო. ახლა მინდა მთავარზე გადავიდე, მე ვარ ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია და ეს არის ბიძაჩემი, იას ძმა ბადრი კერზაია. თქვენ ყველამ იცით ეს საქმე. გადახვევა გამოდის, მაგრამ ია დარჩელში დაიბადა და გაიზარდა. გამორიცხულია აქ მყოფ ადამიანებს გულს არ ტკენდეს ეს საქმე, ბევრი თქვენგანი, მათ შორის გეგა, იყო ჩვენთან მოსული სამძიმარზე და ვიცი, რომ ყველა განიცდით ამ თემას. მე მაინტერესებს ერთი რამ, ბატონო გეგა, როდესაც თქვენ წარმოადგენთ “ქართულ ოცნებას”, რომლის ხელისუფლების პირობებშიც ჩვენ უკვე 5 თვეა ვეძებთ სამართალს. ყველამ რომ იცოდეთ, 2000-ზე მეტი საქმე უდევს პროკურატურას ადამიანის სიკვდილამდე მიყვანის თაობაზე. 5 თვეა არცერთი ინსტანცია ად გამოგვიტოვებია და მათ შორის, 11-მა ევროპარლამენტარმა მოწერა საქართველოს და თხოვა ამ საქმის გამოძიება. მე ძალიან მტკივა გული იას მშობლიურ ადგილას რომ ვდგავარ და გეგა, რომელიც ძალიან წესიერი ადამიანია, დგას აქ და ცდილობს დაგვარწმუნოს და გვესაუბრება სხვა რაღაცებზე, როდესაც ადამიანია გარდაცვლილი და ამ საქმეს კონკრეტული დამნაშავე ჰყავს “, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის შეხვედრაზე ბაჩანა შენგელიასა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ბაჩანა შენგელია შეხვედრის ორგანიზატორებისგან მისი დედის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვდა. თუმცა “ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერებმა მას განუმარტეს, რომ აღნიშნული საკითხი გამოძიების კომპეტენციაა და საარჩევნო შეხვედრაზე ამ თემის წამოჭრა შეუსაბამოა. აღნიშნულ საკითხს მხარეებს შორის კამათი მოჰყვა, მერობის კანდიდატის მხარდამჭერებმა ბაჩანა შენგელიას დარჩელის შეხვედრაზე მისვლა პროვოკაციად შეაფასეს.