“ბაჩანა შენგელიას ჩვენთან მოსასვლელი პირი არ აქვს” – რა მოხდა სოფელ დარჩელში (ვიდეო)

“ბაჩანა შენგელიას ჩვენთან მოსასვლელი პირი არ აქვს, რადგან, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰყავდა მაღალი თანამდებობის უამრავი კონტაქტპერსონა, მაშინ მას ჩვენი სოფლისთვის ერთი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტიც კი არ გაუკეთებია”, – ასე შეაფასა ადგილობრივმა დავით კოდუამ ბაჩანა შენგელიასა და “ქართული ონცების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება. მისივე თქმით, ბაჩანა შენგელიას გამოსვლა იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

“გამომდინარე მათი პოლიტიკური მდგომარეობიდან, იციან, რომ ამ სოფელში არ აქვთ დასაყრდენი, ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” შეეცადა მოეძებნა ბაჩანა შენგელიას მსგავსი კადრი. ეს არის “ნაცმოძრაობის” ხელწერა. ​მიუხედავად ამ ოჯახის მიმართ მთელი სოფლის პატივისცემისა, ბაჩანა შენგელიას ჩვენთან მოსასვლელი პირი არ აქვს. რადგან, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰყავდა მაღალი თანამდებობის უამრავი კონტაქტპერსონა, მაშინ მას ჩვენი სოფლისთვის ერთი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტიც კი არ გაუკეთებია. ახლა მოდის და გვეუბნება გიორგი შენგელიას მხარი არ დაუჭირთო. იმ ადამიანს, რომელმაც უკანასკნელ 4 თვეში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და დარჩელი ევროპულ სოფელს დაამსგავსა. დიახ, ბაჩანა შენგელიას გამოსვლა იყო პროვოკაცია”, – განაცხადა დავით კოდუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის შეხვედრაზე სოფელ დარჩელში, კანდიდატის მხარდამჭერებსა და ბაჩანა შენგელიას შორის შელაპარაკება მოხდა.

ბაჩანა შენგელიამ შეხვედრის ორგანიზატორებისგან მისი დედის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვდა.  თუმცა “ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერებმა მას განუმარტეს, რომ აღნიშნული საკითხი გამოძიების კომპეტენციაა და საარჩევნო შეხვედრაზე ამ თემის წამოჭრა შეუსაბამოა. აღნიშნულ საკითხს მხარეებს შორის კამათი მოჰყვა,  მერობის კანდიდატის მხარდამჭერებმა  ბაჩანა შენგელიას დარჩელის შეხვედრაზე მისვლა პროვოკაციად შეაფასეს.

ბინძური ძალა “ნაციონალების” სახით ცდილობს თქვენს გამოყენებას, – ამ სიტყვებით მიმართეს გარდაცვლილი ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შეხვედრაზე, სოფელ დარჩელის მცხოვრებლებმა.

სოფელ დარჩელში მომხდარ დაპირისპირებას მმართველი პარტიის ზუგდიდს მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელიაც გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კითხვები არის, რასაც, მისივე თქმით, პასუხები აუცილებლად გაეცემა.

​”მე ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. გავეცი პასუხი ბატონ ბაჩანას და აღვნიშნე, რა არის ჩემი როლი ამ საკითხში. მე, როგორც მერობის კანდიდატი, ამ საკითხებზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გეუბნებით და გიდასტურებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არის გარკვეული შეკითხვები, შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უჩნდებოდეთ შეკითხვები, მაგრამ მე ერთ რაღაცაში ვარ დარწმუნებული და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული, ყველა ამ შეკითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები