„ქართული მხარის სამართლიანი და ლეგიტიმური უფლება“ – მაისაია დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს

“მიკვირს, ქართული მხარის სამართლიანმა და ლეგიტიმურმა უფლებამ რატომ გამოიწვია აზერბაიჯანის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ასეთი მწვავე რეაქცია”, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, კონფლიქტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება აზარბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საჭიროების შესახებ სამართლიანია.
„რა თქმა უნდა, ეს დავა წამოვიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ – საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე – აბსოლუტურად სამართლიანად დააყენა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია -დემარკაციის თემა, რომელიც, სხვათა შორის, 30 წლის განმავლობაში იყო გაყინულ მდგომარეობაში. ეს, ფაქტობრივად, აკნინებდა საქართველოს სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სტატუსს.
მიკვირს, ქართული მხარის სამართლიანმა და ლეგიტიმურმა უფლებამ რატომ გამოიწვია აზერბაიჯანის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ასეთი მწვავე რეაქცია. მინდა, შეგახსენოთ, რომ გუშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა არცთუ სასიამოვნო განცხადება. მან განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები წარმოადგენს კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და ეს არის ალბანური ძეგლი. მე ვიტყოდი, აქ უკვე დაიწყო ისტორიულ -კულტურული ფასეულობის კუთხით შეფასება. გასაგებია, აზერბაიჯანის მხარე სად ავითარებს ამ იდეას. აზერბაიჯანმა შეიძლება, მოითხოვოს UNESCO-ში ამ საკითხის დაყენება და თუ UNESCO-მ მისცა ამ ძეგლს საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული ძეგლის არა ქართული, არამედ – ალბანური ძეგლის სტატუსი, მაშინ აზერბაიჯანს უკვე ავტომატურად ეხსნება ხელი, რომ ამ ტერიტორიის, მე ვიტყოდი, მითვისება განახორციელოს. ასეთი სცენარით მიდის, როგორც ჩანს, ეს პროცესი. ის, რომ აზერბაიჯანმა გააძლიერა სასაზღვრო დაცვის კომპონენტი და, გარკვეულწილად, თავისი ძალების მობილიზაცია მოახდინა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით სცენარის განვითარებას წარმოაჩენს.
აქ მეორე საკითხიც არის – საქართველო არის ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში. აზერბაიჯანი, ბოლო პერიოდის მანძილზე, რუსეთთან ავითარებს საკმაოდ თბილ და სტრატეგიულ ურთიერთობებს. დღეს აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობა გაცილებით უფრო მეგობრულია და მაღალი პოლიტიკის დონეზეა გადასული, ვიდრე ეს ადრე იყო. აქ შეიძლება, გარკვეულწილად რუსული ინტერესებიც კი იკვეთებოდეს“, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საჭიროდ მიიჩნევს აზარბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულებას.
„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რათა განაახლოს მუშაობა, ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე და, საბოლოოდ, დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს არა გამიჯვნის, არამედ – გამაერთიანებელი საზღვარი. “მაგრამ ნორმალური არის, რომ, გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 25 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს.
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” სატელეფონო საუბრისას არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, რომ მესაზღვრეებმა მონასტრის ტერიტორია გადაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებდენ.
“იძახიან, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, რაც სრული აბსურდია. ეს არის სასაზღვრო ზონა, ჯერ დადგენილი საზღვარი არ არის. მნიშვნელობა და უპირატესობა აქვს იმ მხარეს, რომელიც მოიხმარს ტერიტორიას და ეს ვართ ჩვენ; მაგრამ ისინი ჩვენი ფაქტობრივი მოხმარების მხარეზე ამოდიან და კეტავენ მონასტერს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
“ოთხდღიანი შეზღუდვის შემდეგ, დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გაიხსნა.
აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა გუშინ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ ექმნებათ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები