“რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, ეს არის მტკივნეული გამოწვევა, მათ შორის, ევროსაბჭოსთვის”
“დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
“ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა, მათ შორის, ევროპის საბჭოსთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას.
ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავზე მივიდნენ და სანთელი დაანთონ.
გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები – გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია. ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები.
ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე, არის ქვეყნის დეოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპაციას ჩვენ არასოდეს შევეგუებით და დარწმუნებული ვარ, არ შეეგუება არც საერთაშორისო თანამეგობრობა.
მიუხედავად ამ უსამართლობისა, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ სამშვიდობო ინიციატივა სახელად – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და დიდი მადლობა ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები ელემენტარული კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის.
დღეს საქართველოში ჩვენ ვქმნით ქვეყანას, რომელიც ეყრდნობა ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და თანამედროვე ეკონომიკას, რომლის საგარეო პოლიტიკა უზრუნველყოფს საქართველოს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.
ჩვენთვის ადამიანი, მისი უფლებები და მასზე ზრუნვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი.
ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა არის განსაკუთრებული ამოცანა. სწორედ ამ მიზნით, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში იხილება საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედია, საქართველოში განათლებას, ახალგაზრდობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო და ძლიერი ქართული დემოკრატია უნდა ეყრდნობოდეს განათლებულ და ძლიერ საზოგადოებას.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლოდაციისა და ტრანსფორმაციის პროცესს და საქართველო მუდამ იქნება ჩვენი საერთო ფასეულობების ერთგული.
ამის ნათელი მაგალითი გახლავთ შარშან, ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია და საქართველოს პარლამენტს მიენიჭა სრულიად განსაკუთრებული ფუნქციები.2019 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის დიდი პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იქნება მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპის საბჭოს და მეტი კონტრიბუცია შევიტანოთ მის საქმიანობაში.
ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ პერსონალური წვლილისთვის, რომელიც ყოველდღიურად შეგაქვთ იმ პროცესში, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.