ახალციხის მერიამ წინასააღდგომოდ დახმარება 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია

ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.
“მერიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად სასურსათო დახმარება (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, სააღდგომო ნამცხვარი) გადასცეს. აღნიშნული დახმარება, ჯამურად, 201 ოჯახს გაეწია”, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათი – პასკის, კვერცხისა და ტკბილეულის სახით, ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის უფასო სასადილოს 200 ბენეფიციარსაც დაურიგდა. საჩუქარი მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ და მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა მერიის სოციალური განყოფილებისა და სათნოების სახლის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
სააღდგომო ნობათი ახალციხის მუნიციაპლიტეტის მერიის, პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და (ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ ერთობლივი ძალებით მომზადდა. ტრადიციული სააღდგომო დახმარება, ჯამურად, 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები