ლევან იზორიამ ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

0

25 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის დღე აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.
ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა – ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მიულოცეს.
ლევან იზორიამ თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათი საბრძოლო მომზადების მაღალ დონეზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში გრძელდება რეფორმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკოსების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ძალთა შენარჩუნებას.
„თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნულ სარდლობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. წელს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქვედანაყოფებში მეტ ავტონომიურობაზე, რათა ქვედანაყოფებმა თავად განსაზღვრონ მათი საჭიროებები და ამოცანით დეცენტრალიზებული მართვის პირობებში შეძლონ რესურსების ავტონომიურად მართვა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა 3 ლოჯისტიკოსი სამსახურებრივი მოვალეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მედლებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელი – 5 თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა – 27 სამხედრო მოსამსახურეს და 51 სამოქალაქო პირს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მადლობა 35 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის მეთაურები და ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის წევრები (VALIANT) დაესწრენენ.
ღონისძიების ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოდერნიზებული და განახლებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი