არჩილ თალაკვაძე: ქვეყანა, რომელიც ვითარდება, მეტ ენერგეტიკასა და ენერგოგენერაციას საჭიროებს

0

“ქვეყანა, რომელიც ვითარდება, მეტ ენერგეტიკასა და ენერგოგენერაციას საჭიროებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატმა ფარისევლობა უწოდა რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებას იმის თაობაზე, რომ, ერთი მხრივ, ჰესი არ უნდა აშენდეს, მეორე მხრივ კი გაცხადებულ პოზიციას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული წყაროები და რუსეთზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.
„თუ ჩვენ ვეთანხმებით შენებასა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, ის განცხადებები, რაც ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან გაკეთდა – რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს და აქ, თითქოს, რაღაც ჩარევა ხდება ადგილობრივ ეკოსისტემაში და, თითქოს, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ეს იგივე ხალხია, რომელიც დეკლარირებულად, ფარისევლურად ლაპარაკობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ენერგოდივერსიფიცირებული წყაროები, რუსეთზე ნაკლებ დამოკიდებულებაზე ქადაგებენ, მაგრამ რეალურად როცა საქმე საქმეზე მიდგა, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, პანკისის მცირე ჰესი, რომელიც, პრაქტიკულად, მწვანე ჰესია, სჭირდება ენერგეტიკას, მათ შორის – პანკისს.
,,ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავებულია მაღალი სტანდარტებით. ამ პროექტით ადგილზე მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება, ეს ერთი ბენეფიტია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ომალო-დუმასტურის წყლის სისტემა, რომელიც თავიდან უნდა აეშენებინა და გაეკეთებინა ინვესტორს, ეს იყო ერთ-ერთი ბენეფიტი, რაც შეთავაზებული გვქონდა და ექნება მომავალშიც ადგილობრივ საზოგადოებას. ასევე, სპეცფონდის შექმნა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება. შეიქმნება სპეცფონდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხდის მთელი წლის ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეოთხე – რაც ასევე მნიშვნელოვანია, პანკისის ხეობის ფონდი, რომელიც ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება და მე მჯერა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერით განხორციელდება. ფონდში ყოველწლიურად 120 ათასი ლარის მობილიზება მოხდება ამ კონკრეტული ჰესის პროექტის და მისი მფლობელის კომპანიის მიერ. ხვალაც ,ზეგაც ეს კომპანია, მათ შორის ჩვენც ვიქნებით ამაში ჩართული“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი