პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ

პანკისის ხეობაში, კერძოდ ბირკიანის თემის სოფელ ძიბახევში, სადაც მცირე ჰესის აშენების წინააღმდეგ ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ. მომხდარ ფაქტზე კრიმინალურმა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა, თუმცა შემთხვევის ადგილას სამართალდამცველების ორი ჯგუფი კვლავ რჩება. ადგილობრივები ამ საკითხზე შეკრებასა და მომხდარზე მსჯელობას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. პანკისის ხეობაში მცირე ჰესის – „ხადორი-3-ის“ მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები