რუსლან გაჯიევი “ნაცმოძრაობაზე”: ეს არ არის პირველი პროვოკაცია და ვფიქრობ, არც ბოლო იქნება

მარნეულში 22-ე ოლქთან მომხდარ დაპირისპირებაზე  პირველი კომენტარი “ქართული ოცნების” მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, რუსლან გაჯიევმა გააკეთა.

“იყო “ნაცმოძრაობის” აქტივისტსა და “ქართული ოცნების” წევრს შორის დაპირისპირება. ეს არ არის პირველი პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და არც ბოლო იქნება.  ჩვენ კიდევ ველოდებით მათი მრიდან პროვოკაციებს, რადგან ისინი სწორედ ასე მუშაობენ. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ ნორმალური აგიტაციის ჩატარებას”, – განაცხადა გაჯიევმა.

ამავე საკითხზე “კვირამ” მარნეულის საოლქოს ხელმძღვანელ იაკობ ასანიძეს კომენტარის გაკეთება სთხოვა. ასანიძემ კომენტირებისგან თავი შეიკავა და “კვირას” ჟურნალისტს კარი მოუხურა.
შეგახსენებთ, მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ლაშა ქველაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, გიორგი თაბუკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
“კვირასთან” საუბრისას გიორგი თაბუკაშვილი მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს და ინციდენტის დეტალებზე საუბრობს. “ვიმყოფებოდი მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში. ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვედი თანამშრომელთან ერთად, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” ვინც არის დროებითი კომისიის წევრი – ლაშა ქველაძე მომიახლოვდა და ჩემ გვერდზე მდგომს უთხრა, გიორგისთან საქმე მაქვსო. მე ვუთხარი, ამ ადამიანთან დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი და ვუთხარი, ეთქვა, რა საქმე ჰქონდა. მან ისევ დაჟინებით მოითხოვა, ცალკე მსურს საუბარიო. თავიდან ძალიან მშვიდად დამიწყო საუბარი, თუმცა შემდეგ აგრესიულ ტონზე გადავიდა. ორი კვირის წინანდელ რაღაც ამბავს მახსენებდა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, ამ ორი კვირის მანძილზე ყოველ დღეს მნახულობ და თუ რამე გეწყინა, აქამდე გეთქვა და  ბოდიშს მოგიხდი-მეთქი. ეს იყო და ეს. გამოვერიდე, ნაბიჯი არ მქონდა გადმოდგმული, რომ მომატრიალა და დამარტყა. ფაქტია, უნდოდა პროვოკაციაზე წამოგება, მიწვევდა და რომ არ ავყევი ფიზიკურად გამისწორდა – ხელი დამარტყა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მივიღე “, – აცხადებს გიორგი თაბუკაშვილი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე (ძალადობის) მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები