„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის გადამზადების პროგრამას იწყებს
“ვიწყებთ პროექტს, რათა ახალგაზრდები გადამზადდნენ და მიეცეთ საშუალება, სხვადასხვა კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმდნენ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ისწავლე და დასაქმდი“ – ასე ჰქვია სამთვიან პროგრამას, რომელიც ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
„ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმება და სამუშაო ადგილებია. შარშან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ეს არის ხელშეწყობა ახალგაზრდების მიმართ პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, რაზეც ბიზნესის მხრიდან არის მოთხოვნა. წელსაც ვიწყებთ ამ პროექტს, რათა ახალგაზრდები გადამზადდნენ და მიეცეთ საშუალება სხვადასხვა კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 7 მაისის ჩათვლით მერიის ვებგვერდზე შეეძლებათ.