კახა კალაძე: ტაქსების მფლობელებს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდებათ
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება. როგორც მან დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მძღოლებს პირველიდან 15 მაისის ჩათვლით შეუძლიათ, შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ.
„ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეფორმის პარალელურად, რა თქმა უნდა, ტაქსების მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაციას განვაგრძობთ. სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მძღოლების მიერაა შექმნილი, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის ვადაში უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კომპანიას მიმართონ და, როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერები აიღონ.
საუბარია, დაახლოებით, ნებართვის მფლობელ 1 500-მდე ტაქსიზე, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ეკუთვნოდა ვაუჩერები. თუმცა იმის გამო, რომ მათ ორკვირიან ვადაში შესაბამის კომპანიას ვერ მიმართეს, ვაუჩერის გარეშე დარჩნენ. გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. ამ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ და, როგორც ფერის შეცვლის, ასევე, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ”, – განაცხადა თბილისის მერმა.