ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მომავალში დავშალოთ მავთულხლართები

“დღეს ბავშვებს, ბიბლიოთეკას გადავეცით წიგნები და ამით კიდევ ერთხელ გვინდა, ყველას გავახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა, განათლების მიღება და ის, რომ განათლება ნამდვილად ყველაზე სწორი ინვესტიციაა წარმატებაში, მშვიდობასა და განვითარებაში”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ტირძნისში განაცხადა.
მინისტრმა კამპანია „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში ტირძნისის სკოლის მოსწავლეებს მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურა გადასცა.
„მინდა, სწორედ ტირძნისის სკოლიდან, რომელიც 2008 წელს დაზარალდა და დღეს აღდგენილია, ყველას მივულოცო წიგნის საერთაშორისო დღე. ეს არის იმ აქციის ნაწილი, რომლის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს წიგნებს ვჩუქნით. დღეს ბავშვებს, ბიბლიოთეკას წიგნები გადავეცით და ამით კიდევ ერთხელ გვინდა, ყველას გავახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა, განათლების მიღება და ის, რომ განათლება ნამდვილად ყველაზე სწორი ინვესტიციაა წარმატებაში, მშვიდობასა და განვითარებაში. ის, რომ დღეს ამ სკოლაში, რომელიც სულ ახლოსაა მავთულხლართებთან, ასეთი კარგი პედაგოგები ასეთ კარგ მოსწავლეებს ასწავლიან, სრულფასოვან განათლებას აძლევენ, არის სწორი პასუხი იმ მახინჯ საოკუპაციო პოლიტიკაზე, რომელიც დღეს საქართველოში ასამდე სოფელს ჰყოფს. ძალიან პრინციპულად, განვითარებით, ამ ხალხის გვერდში დგომით, აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ მომავალში დავშალოთ მავთულხლართები. ამისთვის ყველაზე სწორი ინსტრუმენტი განათლება და ჩვენი ქვეყნის განვითარებაა. ყველას ვულოცავ წიგნის საერთაშორისო დღეს. ვიკითხოთ წიგნები, მივიღოთ განათლება და ყველაზე ძლიერები და წარმატებულები ვიქნებით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები