ხატია მოისწრაფიშვილი: სალომე ზურაბიშვილსა და ლაშა ჟვანიას შორის არავითარი დაპირისპირება არის

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გარკვეული უთანხმოება იყო.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მივიდა, რომ იგი მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან – საპატრიარქოში დაბრუნდებოდა.
“არავითარი დაპირისპირება არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ცნობისათვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მარტში მიმართა. იგი თანამდებობას 1-ელ მაისამდე დაიკავებს. ამის შემდეგ კი იგი საქართველოს საპატრიარქოში ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები